უკრაინული ავიაკომპანიის Bees Airline-ს ბორტზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ. Bees Airline-ს კიევი-თბილისის რეისის დროს შეტყობინება კიევში შევიდა, რომ ბორტზე შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდი დეტალურად შემოწმდა და ამის შემდეგ მიეცა თბილისი-კიევის რეისის განხორციელების უფლება.

როგორც დადგინდა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია ცრუ იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

“მ.წ. 5 დეკემბერს, 22:40 საათზე ქ.თბილისის აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურს დაუკავშირდა უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline თბილისის ოფისის წარმომადგენელი და აცნობა, რომ უკრაინის, ქ.კიევის “ჟულიანის” საერთაშორისო აეროპორტში შესული ანონიმური შეტყობინების თანახმად თბილისისკენ გამოფრენილ “ბოინგ 737” ტიპის საჰაერო ხომალდზე მოთავსებულია ასაფეთქებელი მოწყობილობა. საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედი რეგულაციების თანახმად დაუყონებლივ მოხდა შესაბამისი სამსახურების ინფორმირება და აეროპორტის სამსახურებში გამოცხადდა მზადყოფნა. საჰაერო ხომალდი თბილისის აეროპორტში დაეშვა 23:25 საათზე და მაშინვე განთავსდა იზოლირებულ სადგომზე, საიდანაც დაუყონებლივ მოხდა მგზავრთა ევაკუაცია და თვითმფრინავის განთავსების ადგილის შემოიფარგლა. სპეციალური დანაყოფის მიერ განხორციელებული შემოწმების პროცესში საჰაერო ხომალდზე, მგზავრთა ბარგში და მათ ხელბარგში რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ ყოფილა”, განუცხადეს AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში, რომელიც საქართველოს ყველა აეროპორტში საავიაციო უშიშროებას უზრუნველყოფს.