კვლევითმა კომპანია Cirium-ის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში მუშაობა (დროებით ან სამუდამოდ) შეაჩერა 43 ავიაკომპანიამ. 2019 წლის განმავლობაში კი ასეთი კომპანიების მაჩვენებლები შეადგენდა 46 ავიაკომპანიას, 2018 წელს – 56 კომპანიას. 

ექსპერტები ამ წლის შედარებით პოზიტიურ მაჩვენებლებს ხსნიან იმით, რომ COVID-19 პანდემიის ფონზე, ავიაკომპანიებმა მთავრობებისგან ფინანსური დახმარება მიიღეს.

თუმცა, ფინანსური გადარჩენის შემთხვევაშიც კი, 2020 წლის ბოლოს პროგნოზები იმედგაცრუებულია, ამბობს Cirium-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რობ მორისი.

”ავიაკომპანიების საქმიანობის შეწყვეტა უმეტესწილად წლის ბოლო თვეებში ხდება”, – განმარტა მან და დასძინა, რომ ავიაკომპანიებისთვის ამ მხრივ პირველი და მეოთხე კვარტლები ყველაზე რთულია, რადგან კომპანიები მეტ შემოსავალს მეორე და მესამე კვარტალში იღებენ.