რეგიონში ომის მიუხედავად საქართველოს ტურიზმის აღდგენის პროგნოზი არ იცვლება და ის იმ მაჩვენებლებში რჩება, რაც წლის დასაწყისში, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე იყო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი AviaNews-თან აცხადებს, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანამ პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან დაახლოება მალე შეძლოს.

“მიმდინარე წლის დასაწყისში, ჩვენი ვარაუდით, რომელიც ეპიდემიის დასრულებიდან მომდინარეობდა, შევძლებდით ტურიზმის 60-70%-ით აღდგენას. უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყების მიუხედავად, ჩვენ ვინარჩუნებთ დარგის აღდგენის საპროგნოზო დინამიკას, რაც განპირობებულია სწორი სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე სწრაფი ადაპტირებით, ბაზრების დივერსიფიკაციით და პოტენციურ პარტნიორებთან ეფექტური მოლაპარაკებით. შედეგად, ვფიქრობთ, რომ ჩვენ წლის ბოლომდე შევძლებთ სექტორის 70%-იან მაჩვენებელზე გავიდეთ”, აცხადებს ქვრივიშვილი.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანამ ეფექტურად მოახდინა რეგიონში არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ რეალობასთან ადაპტაცია და ტურისტების მოზიდვასთან ერთად ახალი ავიაკომპანიების მოზიდვაზეც ინტენსიურად მუშაობს.
“ცვლილება შევიტანეთ სამოქმედო გეგმაში, გავმართეთ წარმატებული მოლაპარაკებები ახალ ავიაკომპანიებთან, რათა ისინი საქართველოს ბაზარზე შემოსულიყვნენ. ყოველივე ეს გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას, რომ წლის ბოლომდე დარგი 70%-მდე იქნება აღდგენილი.
სამოქალაქო ავიაციაში აღდგენის დინამიკა 76% აღწევს. ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონის მასშტაბით. მეტიც, ჩვენი მოლოდინით, წელს ჩვენ 2019 წლის მაჩვენებელს, რომელიც რეკორდული იყო, გადავაჭარბებთ. შარშან საქართველოს ბაზარზე 5 ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ და ეს დინამიკა მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. სულ ახლახან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება საუდის არაბეთის ერთ-ერთ სახელმწიფო ავიაკომპანიასთან და შედეგად წელს მხოლოდ ამ ქვეყნიდან კვირაში 54 რეისს მივიღებთ. ამით ჩვენ შევძელით და გადავფარეთ ის დანაკლისი, რომელიც ჩვენ უკრაინის ბაზრის დახურვის შედეგად მივიღეთ.

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მოლაპარაკებებს როგორც ევროპულ, ასევე სხვა ქვეყნების ავიაკომპანიებთან, რათა ისინი შემოვიდნენ საქართველოს ავიაბაზარზე, ასევე გაზარდოთ რეისებისა და მიმართულებების ოდენობა. ეს მოლაპარაკებები ავიაბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე საშუალო და გრძელვადიანია”, აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.