2021 წლის ბოლომდე ავიაკომპანია Emirates-ი ექსპლუატაციაში 50-მდე Airbus A380-ის დაბრუნებას გეგმავს.
ეს არის ავიაკომპანიის გეგმის ნაწილი, რომელიც პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის 70%-მდე აღდგენას უკავშირდება. პროგნოზის და გეგმების შესახებ ავიაკომპანიამ 27 სექტემბერს განაცხადა, როდესაც ახალი მიმართულებები დაანონსა, რომელსაც ოქტომბერსა და ნოემბერში Airbus A380-ებით მოემსახურება.
”მგზავრთა მოთხოვნის შესაბამისად ავიაკომპანია ეტაპობრივად და პასუხისმგებლობით ექსპლუატაციაში აბრუნებს პოპულარულ საჰაერო ხომალდებს, რადგანაც ტურისტული ინდუსტრია აღდგენის გზით მიდის”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.
უკვე დაანონსებულია, რომ მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, Emirates-ი A380-ებს დააბრუნებს ისეთ პოპულარულ მიმართულებებზე, როგორიცაა: ამსტერდამი, ბარსელონა, დიუსელდორფი, ჰამბურგი, იოჰანესბურგი, მადრიდი, მილანი, რიადი, სან პაულო და ციურიხი.