საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდაზე საუბრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები. ტურისტული კომპანია „დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორის ნინა კეკელიძის განცხადებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კომპანიაში საგრძნობლად გაიზარდა შეკვეთები და შემოსავლები.

„წლევანდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი საკმაოდ დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ კერძო სექტორის გადმოსახედიდან, კონკრეტულად ჩვენი ტურისტული კომპანიის სამუშაო აქტივობებიდან და შემოსავლებიდან გამომდინარე, გვაქვს ძალიან ბევრი შეკვეთა როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებიდან, ჩვენი მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან. მინდა გამოვკვეთო ჩინეთთან ახლად დამყარებული თანამშრომლობა, როდესაც ჩვენ ვიმყოფებოდით ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, დაიგეგმა მათთვის ახალი კომბინირებული ტურების შეთავაზება კავკასიის რეგიონში და ვფიქრობ ეს პროცესი დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე“,- განაცხადა ნინა კეკელიძემ.

საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა დღეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. მაჩვენებლები რეკორდულადაა გაზრდილი. 2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348,461,374 აშშ დოლარი).
2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია + 661,999,720 (+57.9%) აშშ დოლარით.
წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1,009,112,957 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა.
2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +260,291,106 (+34.8%) აშშ დოლარით.