წელს მოლოდინი გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე 2022 წელს, – ასე აფასებს კომპანია „რადარის“ დამფუძნებელი მაია მახათაძე მიმდინარე ტურისტულ სეზონს. როგორც მახათაძე განმარტავს, ამ მოლოდინებს განაპირობებს ის აქტიურ მარკეტინგული კამპანია, რასაც სახელმწიფო აწარმოებს.

„ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით სახეზე გაქვს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ძალიან ბევრი აქტივობა და ეს პირდაპირ კავშირშია სეზონთან დაკავშირებულ მოლოდინებთან. წლევანდელი წელი ზრდის მაჩვენებლებით გამოირჩევა. ყველა იმ სასტუმროში, რომლის მენეჯმენტის პროექტიც ჩემი კომპანიის ქვეშაა ადასტურებს, რომ ტურიზმის სექტორი აქტიურად იზრდება“, – აცხადებს „რადარის“ დამფუძნებელი.

მაია მახათაძეს მაგალითისთვის მოჰყავს მისი კომპანიის მიერ, ტურისტულად აუთვისებელ ლოკაციაზე, ახლად გახსნილი სასტუმრო, სადაც რამდენიმე დღეში დატვირთულობა 80%-ზე მაღალია.

„ჩვენ ვმართავთ სასტუმროების დაგეგმარების და გახსნის პროექტებს. შესაბამისად გახსნის ეტაპზე ვაკვირდებით მისი ბაზარზე შესვლის და დატვირთულობის ტენდენციას. ჩვენ გავხსენით ახალი სასტუმრო „სოლო გრანდ ბოშური“, რომელიც მდებარეობს ატენის ხეობაში, შიდა ქართლში, ტურისტულად სრულიად აუთვისებელ ლოკაციაზე. მინდა გითხრათ, რომ სასტუმრო 4 ივლისს გაიხსნა და მისი დატვირთულობა 80%-ზე მეტია.

ამავდროულად მაღალია საქართველოს მოქალაქეების ჯავშნების შემოდინება, თუმცა ბოლო დღეებია რაც სასტუმრო საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე გაეშვა და უკვე არის უცხოელების ჯავშნებიც, მსურველებს შორის არიან ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ისრაელიდან. ასევე გვაქვს ჯავშნები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, თუმცა წამყვანი პოზიცია ქართველ დამსვენებლებს უკავია“, – ამბობს მაია მახათაძე.