ახალი კვლევის მიხედვით, ციურიხის/კლოტენის აეროპორტმა გერმანიისა და შვეიცარიის 31 აეროპორტს შორის უსაფრთხოების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. ის მხოლოდ ლაიფციგისა და მიუნხენის აეროპორტებს ჩამორჩა. ამავე რეიტინგში ჟენევის აეროპორტი 26-ე ადგილზეა, ხოლო ბაზელი – 30-ზეა.

კვლევა გერმანელ პილოტთა პროფკავშირმა Vereinigung Cockpit-მა (VC) ჩაატარა, რომელიც 1978 წლიდან აფასებს აეროპორტებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. წელს მათ შვეიცარიელი პილოტებიც შეუერთდნენ, რომლებიც Swiss-ისა და Edelweiss-ის თანამშრომლებს აერთიანებენ.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ აეროპორტებში ყოველდღიურად ხდება ინციდენტები, რომლებიც შეიძლება როგორც უმნიშვნელო, ისე კატასტროფული იყოს. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინციდენტი ასაფრენ ბილიკზე უნებართვო შეჭრაა (runway incursion), როცა საჰაერო ან სახმელეთო ტრანსპორტი ბილიკზე დისპეტჩერის ნებართვის გარეშე აღმოჩნდება.

ამ ტიპის ინციდენტების რისკის მაგალითად მოყვანილია 2001 წელს მილანის ლინატეს აეროპორტში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 118 ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის მიზეზად არაადეკვატური ვიზუალური ნავიგაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო საგზაო ნიშნები დასახელდა.

შვეიცარიული ასოციაცია Aeropers-ი გეგმავს, ყოველწლიურად ჩაატაროს დამოუკიდებელი შეფასება შვეიცარიის სამ საერთაშორისო აეროპორტში: ციურიხში, ჟენევასა და ბაზელში. ინიციატივის მიზანია უზრუნველყოს, რომ საერთაშორისო სტანდარტები დაცული იყოს როგორც ტექნიკურ პროცედურებში, ისე საჰაერო მოძრაობის მართვის ინფრასტრუქტურაში.