ჩინური ინვესტიციით დაფუძნებულ ავიაკომპანია Myway Airlines -ში „დიდი გადანაწილებაა“. სააგენტო GBC-ის ინფორმაციით, ბოლო 4 თვეში უკვე მეორედ, კომპანიის საკონტროლო პაკეტი კომერციული დირექტორის იგორ აფციაურის მფლობელობაში გადავიდა.
აფციაურს პირველად, Myway Airlines-ის მფლობელმა 51%-იანი წილი, გასული წლის ოქტომბერში გადაუფორმა, რომელიც 20 ნოემბერს კომპანიის მენეჯერმა უკან დააბრუნა და განმარტა, რომ წილების გადათამაშება გარკვეული ნებართვების აღებას ემსახურებოდა.
ამის შემდეგ, Myway Airlines-ის 100% ისევ GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP ფლობდა, რომლის წილი ბოლო ცვლილებით, 49%-მდეა შემცირებული.
ახალი ცვლილებაც ნებართვების მიღებისთვის არის საჭირო, ევრორეგულაციები ითხოვს, რომ 51% იყოს საქართველოს მოქალაქის საკუთრებში. ასეთივე მოთხოვნაა ავიაკომპანიისთვის საოპერაციო საქმიანობის (გადაყვანა/გადაზიდვა) ლიცენზიის გაგრძელებისთვის.
საქართველოში ბაზირებულ ავიაკომპანიას ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ფრენა 3 მიმართულებაზე შეჩერებული აქვს, მხოლოდ თელ-ავივი – თბილისის რეისებს ასრულებს.
რა გახდა შეფერხების მიზეზი კომპანიაში ბუნდოვნად საუბრობენ, მათ შორის, იყო მინიშნება არაჯანსაღ კონკურენციაზეც.
ავიაკომპანიის საკუთრებაშია 2, Boeing-737 ტიპის თვითმფრინავი , რომლის შესაძენად 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2019 წელს კიდევ ორი ბორტის დამატება იგეგმებოდა.