2025 წლის 9 აპრილიდან Air France-KLM Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Transavia France პარიზის ორლის აეროპორტიდან (ORY) თბილისის მიმართულებით იწყებს ფრენებს.
როგორც უცხოური მედია წერს, ავიაბილეთების რეალიზაცია 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებს, ხოლო ავიაკომპანია პარიზსა და თბილისს შორის ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს. ავიაბილეთების ღირებულება კი 79 ევროდან (ერთი გზა) დაიწყება.
კავკასიაში, Air France-KLM Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის ფლოტი მომავალ ზაფხულს 87 თვითმფრინავი იქნება, უკვე ემსახურება სომხეთის დედაქალაქ ერევანს.
„მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისით რეკორდული ზაფხულის შემდეგ (…), ჩვენ 2025 წლის ზაფხულისთვის 15%-იანი ზრდისკენ და ორლის აეროპორტში ჩვენი პოზიციების გამყარებისკენ მივისწრაფვით. როგორც საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნა, რომელთაც სურთ შვებულებაში წასვლა და ოჯახებთან და მეგობრებთან შეერთება“, – ამბობს Transavia France-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლას ჰენინი.
შეგახსენებთ, რომ პარიზსა და თბილისს შორის ფრენებს უკვე ასრულებენ Air France და Georgian Airways-ი.