2021 წლის მარტში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ია.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 2021 წლის მარტში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ი 492,405 ტონა ტვირთს მოემსახურა.

საჰაერო ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ბაზარზე მეორე პოზიციაზე თურქული ავიაკომპანია Turkish Cargo-ა, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით მარტში 427,472 ტონა ტვირთი გაატარა.  

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა ასევე ლუქსემბურგის კომპანია Cargolux Airlines-ი, რომელიც მარტში 230,592 ტონა ტვირთს მოემსახურა. რაც შეეხება ბელორუსულ ავიაკომპანია Rubystar Airways-ს მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 212,524 ტონა ტვირთს მოემსახურა.  აზერბაიჯანულმა სატვირთო ავიაკომპანია Silk Way West Airlines-მა კი მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 53,746 ტონა ტვირთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს.

TOP-5 სატვირთო ავიაკომპანია გადაზიდული ტვირთების მიხედვით:

Easy Charter;

Turkish Cargo;

Cargolux Airlines;

Rubystar Airways;

Silk Way West Airlines;

საჰაერო გზით გატარებული ტვირთებიდან ექსპორტის მხრივ ყველაზე მეტ ტვირთს Easy Charter-ი (492,405 ტონა) მოემსახურა, ხოლო იმპორტის მხრივ Turkish Cargo (381,272 ტონა).

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში 2020 წლის მარტთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 38%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის მარტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 705,351 ტონა შეადგინა, 2020 წლის მარტში კი 1 235,547 ტონა.

შესაბამისად ტვირთბრუნვა 38,02%-ითაა გაზრდილი.

2021 წლის მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის მარტში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით 16,86%-ითაა შემცირებული. 2019 წლის მარტში აეროპორტმა 2 051,226 ტონა ტვირთი გაატარა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.