საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევიდან მოზიდული პრემია 2044 წლის პირველ ნახევარში 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით 28%-ითაა გაზრდილი. როგორც საქართველოს სახელმწიფო სადაზღვევო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, 2024 წლის 6 თვეში საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევიდან (კორპუსის დაზღვევა) სადაზღვევო კომპანიების მიერ 12 072 220 ლარის პრემიის მოზიდვა მოხდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 9 462 070 ლარის.
2024 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევიდან (კორპუსის დაზღვევა) ყველაზე მეტი პრემიის მოზიდვა სს ბბ დაზღვევამ შეძლო. სადაზღვევო კომპანიამ 2024 წლის იანვარ-ივნისში საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევიდან 5 849 377 ლარის პრემია მოიზიდა, რაც მთლიანი პრემიის 48%-ის შეადგენს. მოზიდული პრემიით მეორე პოზიციაზე სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია, რომელმაც 2024 წლის ექვს თვეში 4 095 922 ლარის პრემია მოიზიდა, რაც აღნიშნული მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 34%-ია. მესამე ადგილს 11%-იანი წილით და მოზიდული 1 345 348 ლარის პრემიით სს სადაზღვევო კომპანია უნისონი იკავებს.
2024 წლის ექვს თვეში სადაზღვევო კომპანიების მიერ 50 ერთეული საჰაერო სატრანსპორტო საშუალება (კორპუსის დაზღვევა) იყო დაზღვეული.
რაც შეეხება გადაზღვევის პრემიას აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის იანვარ-ივნისში 11 540 185 ლარი შეადგინა, 2023 წლის იანვარ-ივნისში კი 9 178 157 ლარი, ზრდა შესაბამისად 26%-ია.