დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) რისკებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე ტელეკომპანია “პირველის ეთერში” აცხადებს, რომ NCDC ახლა იმ პირების მოძიებაზე მუშაობს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ მგზავრთან ჰქონდათ შეხება.

ანა კასრაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთან კონტაქტები ორი ტიპისიაა, ახლო კონტაქტები და სხვა. კასრაძის თქმით, ახლო ანუ მჭიდრო კონტაქტად ითვლებიან პირები, რომლებსაც ინფიცირებულთან 15 წუთზე მეტი ხნით ჰქონდათ შეხება.

რისკებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი აღნიშნავს, რომ თვითმფრინავში ვირუსის გადადების ალბათობა მცირეა, რადგან ბორტზე ჰაერის ფილტრაცია ხდება, თუმცა ახლა მიმდინარეობს იმ ადამიანების მოძიება, რომლებიც ინფიცირებულის მახლობლად ისხდნენ:

“[თვითმფრინავში] რამდენიმე რიგით ახლოს მსხდომი მგზავრები განისაზღვრებიან როგორც კონტაქტები, თუმცა ჯერჯერობით თვითმფრინავში გადაცემის რისკი შედარებით დაბალია გამომდინარე იქიდან, რომ იქ არის სპეციალური ვენტილაცია, საკმაოდ მაღალი დონის ფილტრები. შესაბამისად, არსებული მონაცემებით თვითმფრინავში გადაცემის რისკი ნაკლებია.

ამ ეტაპზე ჩვენი ინფორმაციით უშუალოდ თვითმფრინავის შიგნით გადაცემის შესახებ მონაცემები არ არის გაცხადებული, თუმცა თვითმფრინავიდან მგზავრობის შემდეგ დადასტურების შემთხვევები ბევრია გლობალურად და ასევე უნდა მოხდეს მოკვლევა იმ ადამიანების, რომლებიც მგზავრობდნენ დადასტურებულ პაციენტთან ერთად” – ამბობს NCDC-ს წარმომადგენელი ტელეკომპანია “პირველთან”.

მისი ინფორმაციით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რაც ამცირებს კონტაქტების რაოდენობას.

ანა კასრაძის თქმით, ქალმა ინფექციურ სავადმყოფოს მსუბუქი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართა:

“მას საზღვარზე მიეწოდა ინფორმაცია თუ რა შემთხვევაში უნდა მიემართა სამედიცინო დაწესებულებისთვის”, – ამბობს კასრაძე.

NCDC-ის წარმომადგენლის თქმით, ახალი კორონავირუსით ავადობაზე ამ დრომე მწირი მტკიცებულებები არსებობს, თუმცა აღნიშნავს, რომ უსიმპტომოდ დაავადება შემთხვევების მხოლოდ 1 პროცენტში მიმდინარეობს:

“რაც შეეხება უსიმპტომო შემთხვევებს, ჯერ ამ დაავადებაზე მწირი მტკიცებულებები არსებობს, თუმცა [პაციენტების] დაახლოებით 1 პროცენტში  დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ. საქართველოში ორივე შემთხვევას აქვს მსუბუქი რესპირატორული სიმპტომები ამ ეტაპზე” – ამბობს კასრაძე.

წყარო: https://netgazeti.ge/