საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) უახლესი პროგნოზით, 2026 წელს საავიაციო სექტორის წმინდა მოგება 41 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მიუხედავად რეკორდული შემოსავლებისა, დარგი სისტემური კრიზისის წინაშეა, რაც მომავალ წლებში ბილეთების ფასებსა და ფრენების განრიგზე აისახება.
IATA-ს მთავარი ეკონომისტი, მარი ოუენს ტომსენი, აღნიშნავს, რომ მიუხედავად მილიარდიანი მოგებისა, დარგის მარჟა მხოლოდ 3.9%-ია.
„მოგება ერთ მგზავრზე საშუალოდ 7.9 დოლარია. ეს დაახლოებით ტელეფონის ჩასადების (ჩეხოლის) ფასია,“ — ამბობს ტომსენი.
ინდუსტრია მიწოდების ჯაჭვების რღვევით გამოწვეულ კრიზისს განიცდის. 2018 წლიდან დღემდე, ავიაკომპანიებმა დაგეგმილზე 5340-ით ნაკლები თვითმფრინავი მიიღეს.
თუ დღეს შეუკვეთავთ თვითმფრინავს, მის მიღებას 6.8 წელიდასჭირდება (2018 წელს ეს ვადა 4.5 წელი იყო).
ძრავების კაპიტალური რემონტის დრო 75 დღემდე გაიზარდა, შასის კი — 120 დღემდე.
IATA-ს გენერალურმა დირექტორმა, უილი უოლშმა აღიარა, რომ 2030 წლისთვის მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) 10%-იანი წილის მიღწევა „შეუძლებელი ჩანს“.
საწვავი ფიზიკურად არ არსებობს საჭირო რაოდენობით. შედეგად, Air New Zealand-მა პირველმა შეაჩერა თავისი კლიმატური მიზნები, მოსალოდნელია, რომ 2026 წელს სხვა გიგანტებიც მიბაძავენ.
ევროპული რეგულაციების გამო, საწვავის მიმწოდებლებმა დააწესეს „შესაბამისობის მოსაკრებელი“, რასაც IATA-მ „ფასების ძარცვა“ უწოდა.
თუ აფრიკა რენტაბელობის მხრივ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა, ახლო აღმოსავლეთი „ჩემპიონია“. უოლშის თქმით, ეს რეგიონი მისაბაძი მაგალითია, რადგან იქ არსებობს სრული კოორდინაცია აეროპორტებს, მომწოდებლებსა და რეგულატორებს შორის.
მიუხედავად სირთულეებისა, მოთხოვნა ფრენებზე იზრდება. მოსალოდნელია, რომ თვითმფრინავების დატვირთვის კოეფიციენტი რეკორდულ 83.8%-ს მიაღწევს. თუმცა, სათადარიგო ნაწილების დეფიციტი და საწვავის მაღალი ფასი შესაძლოა აისახოს ავიაბილეთების ღირებულებაზე.












