თურქულ სამზარეულოში საუზმეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ტრადიციულ თურქულ საუზმეზე არა ყავას, არამედ ჩაის მიირთმევენ, ყავას კი საუზმის დასრულების შემდეგ სვამენ. საუზმე თურქულად ასე ჟღერს  – „ქაჰვალთი“(“kahvaltı”), ანუ „ქაჰვე ალთი“ , რაც ნიშნავს  „ყავის წინ“. იგი საკვების მიღების ჩარჩოს ცდება და ერთგვარი კულტურული რიტუალის ფუნქციას ითავსებს.  სწორედ ამ სიმდიდრის დამსახურებით, თურქული საუზმე ახლა უკვე წარდგენილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესატანად. თურქული საუზმე ასევე პირველი ადგილზეა მსოფლიოს 50 საუკეთესო საუზმეს შორის.

თურქული საუზმის კულტურა : მხოლოდ ის რად ღირს, როცა დილით საუზმისთვის უგემრიელეს  ბორექებს, იგივე ღვეზელებს აცხობენ, რომლის შიგთავსი ზოგჯერ ყველით, ზოგჯერ კი, ისპანახითაა დამშვენებული. თქვენ ნახავთ რამდენიმე სახით მომზადებულ კვერცხს, სხვადასხვა სახეობის ზეთისხილს,  კიტრისა და პომიდვრის სალათას, რომლითაც საუკეთესო კერძებს ამზადებენ.    ასევე შეიძლება იყოს თაფლი, ჯემი და შედედებული კრემი და სხვ.

თურქული საუზმის მთავარი შემადგენელი ნაწილები

ზოგადად, ყველისა და ზეთისხილის გარეშე თურქული საუზმე წარმოუდგენელია. ძირითადად იყენებენ თეთრ ყველს, თუმცა მის სხვა უამრავ სახეობასაც შეხვდებით: ეზინეს ყველი (Ezine cheese), კონიას ლურჯი ობიანი ყველი (Konya’s blue mould cheese), ყარსის დაძველებული ქაშარი (Kars’ aged kaşar) და ვანის სურნელოვანი ბალახებით მომზადებული ყველი (Van’s herb cheese) და სხვ.

მოგეხსენებათ, ზეთისხილი  ამ საუზმის განუყოფელი ნაწილია. როგორც ცნობილია, თურქეთი მსოფლიოში ზეთისხილისა და ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა. შესაბამისად,  აქ მრავალი სახეობის ზეთისხილს შეხვდებით,  თუმცა თურქულ საუზმეზე ძირითადად ადგილს შავი და მწვანე ზეთისხილი იკავებს.

კვერცხიც განუყოფელი ნაწილია თურქული საუზმის.  ის ხან შემწვარი, ხან მოხარშული სახიტ მოაქვთ. მათ შორის ყველაზე პოპულარულია:

მენემენი (პომიდვრითა და ბულგარულით მომზადებული კერძი);

შებრაწული კვერცხი სუჯუკთან ერთად (სუნელოვანი თურქული ძეხვი);

და ჩილბირი (Çılbır) , რომელმაც ბოლო დროს სოციალური ქსელები დაიპყრო.

თურქული საუზმე ტკბილეულის გარეშე სრულყოფილად არ ითვლება. დანარჩენ კერძებთან ერთად აუცილებელია სუფრაზე იყოს ნატურალური თაფლი და კაიმაკი, რომელიც   ერთად იდეალურ კომბინაციას ქმნის. ასევე პოპულარულია სახლში მომზადებული მურაბები და მარმელადები, რომლებიც სეზონური ხილი  არომატებითაა სავსე.

და ბოლოს, ამ მრავალფეროვან სუფრას გამორჩეულად ავსებს ტრადიციული თურქული შავი ჩაი, რომელსაც ტიტის ფორმის ჭიქებში ასხამენ.