თურქული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სამზარეულოა, რადგან იგი გამორჩეულია კერძებისა და ინგრედიენტების მრავალფეროვნებით.

ნებისმიერი ქვეყნის ტრადიციული სამზარეულოს ჩამოყალიბება, ცხადია, დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყნის, ერის ისტორიასა და წარსულთან, გეოგრაფიულ მდებარეობასთან, რელიგიასა და სხვა კომპონენტებთან, რომელთა ერთობაც განსაზღვრავს მათ თავისებურებას. თურქული სამზარეულოს მრავალფეროვნება და ტრადიციები სათავეს იღებს თურქული ტომების ისტორიასა და ჩვეულებებში. მოკლედ რომ დავახასიათოთ, შეიძლება ითქვას, რომ თურქული სამზარეულო ისლამური ქვეყნების ტრადიციული სამზარეულოების საუკეთესო კერძთა ნაზავია, გამდიდრებული ევროპული, კავკასიური, ბალნკაური ელემენტებით.

სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტებია ხორცი (უმეტესად – ცხვრის), თეთრი ყველი, იოგურტი, ბრინჯი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, ბადრიჯანი, წიწაკა, ოსპი, პომიდორი, ხახვი და სხვა. გამორჩეული ადგილი უჭირავს თევზსა და ზღვის პროდუქტებს, რაც გეოგრაფიული თავისებურებით არის განპირობებული – ქვეყანას სამი მხრიდან ზღვა აკრავს გარს, დასავლეთით – ეგეოსის ზღვა, ჩრდილოეთით – შავი ზღვა და სამხრეთით ხმელთაშუა ზღვა, ბოსფორი, მარმარილოს ზღვა და დარდანელი, რომლებიც ერთად ქმნიან თურქეთის სრუტეებს, იყოფს თრაკიასა და ანატოლიას, ისევე, როგორც აზიასა და ევროპას. ხშირად ღია ცეცხლზე ამზადებენ, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენს კერძს.

ვინაიდან თურქეთი მუსულმანური სახელმწიფოა, სამზარეულოშიც მოქმედებს შესაბამისი წესები. არსებობს “ნებადართული” (halal) და “აკრძალული” (haram) საკვები. აკრძალული საკვების ყველაზე ცნობილი მაგალითი ღორის ხორცია. მისგან მომზადებულ კერძებს ძალიან იშვიათად შეხვდებით რესტორნებში. გარდა ამისა, ზოგიერთ განსაკუთრებულ დღეს და რამადანის დროს მორწმუნეები ღამის დადგომამდე მარხულობენ და ხორცს არ მიირთმევენ. ცხადია, ასეთი წესები მოგზაურებსა და ტურისტებზე არ ვრცელდება, მათ მკაცრად ადგილობრივი ღრმა მორწმუნეები იცავენ.

თურქული ეროვნული სამზარეულოს ყველაზე ცნობილი კერძი ალბათ ფლავია. ყველაზე ხშირად მას ამზადებენ ბრინჯისგან, თუმცა ზოგან ბრინჯის მაგივრობას ხორბლის ბურღული “ბულგური”, ან განსაკუთრებული სახის ვერმიშელი “სეჰრიე” წევს. ხორციანი კერძებიდან ყველაზე პოპულარულია ქაბაბი, რომლის უამრავი ნაირსახეობა არსებობს. ხორცს ხშირ შემთხვევაში ბოსტნეულთან ერთად ამზადებენ. თურქებში დიდი პოპულარობით სარგებლობს წვნიანები (ჩორბა), განსაკუთრებით კი წითელი ოსპის წვნიანი, იოგურტის წვნიანი და სხვ.

თურქული სამზარეულოს კერძების მრავალფეროვნება და იდეალურად შეხამებული გემოები სანელებლების დამსახურებაცაა. გამოიყენება წიწაკა, ქონდარი, პიტნა, მიხაკი, დარიჩინი, ზაფრანა, რეჰანი და სხვა, თუმცა სანელებლების გამოყენების ოქროს წესი არსებობს – მან არ უნდა გადაფაორს ძირითადი ინგრედიენტის გემო და არომატი. აგრეთვე აღსანიშნავია ორი კომპონენტი, რომლებიც გამოიყენება თითქმის ნებისმიერი კერძის მომზადებისას– ლიმნის წვენი და აირანი (მაწონი გაზავებული წყლით).

თურქული სამზარეულო ცომეულისა და ტკბილეულის მრავალფეროვნებითაც გამორჩეულია. პურის ნაირსახეობებია სიმითი, ექმექი (თეთრი პური), პიდე (ლავაში). ცომეულის უთვალავ სახეობას ამზადებენ, რომელსაც რომელსაც ბორეკს უწოდებენ.

ჩვენთვის კარგად ცნობილი ბაქლავა, ჰალვა, ლაჰათლუჰუმი და სხვა ტკბილეული თურქული დესერტებია. დესერტების მომზადებისას გამოიყენება სხვადასხვა ხმელი ხილი და თხილეული: ლეღვის, გარგარის, ფინიკის ჩირი, ქიშმიში, თხილი, კაკალი, ფსტა, ნუში, არაქისი, ქეშიუ და ა.შ. ტკბილეულის ფერადი დახლები თურქულ ბაზრებზე გურმანთათვის ნამდვილი სანახაობაა.

ცალკე აღნიშნის ღირსია თურქული საუზმე, რომელიც საკმაოდ ნოყიერია. ბევრ კაფეში, რესტორანსა და სასტუმროში საუზმეზე მოგართმევენ ტრადიციულ ნაკრებს: შემწვარი ან მოხარშული კვერცხი, ყველი, კარაქი, თაფლი, მურაბა, რამდენიმე სახეობის ზეთისხილი, ძეხვეული, ფუნთუშეული და ხანდახან – ბოსტნეული და წვნიანიც.

თურქული ყოფა წარმოუდგენელია ჩაისა და ყავის გარეშე. თურქეთში ძირითადად უგემრიელეს, არომატულ ჩაის სპეციალური, წელში გამოყვანილი მომცრო ჭიქებით სვამენ. სურნელოვან ყავას კი სპილენძის ჯეზვეში ადუღებენ. ტრადიციული თურქული სასმელია აირანი, რომელიც იოგურტისგან მზადდება, ალკოჰოლური სასმელებიდან კი ძალზე პოპულარულია რაქი – ანისულის არომატიანი არაყი, რომელსაც წყალში გაზავებულს ან გაუზავებელს მიირთმევენ.