თურქული რივიერა, იგივე ხმელთაშუა ზღვის თურქეთის სანაპირო ზოლი ბუნების, ისტორიისა და კულტურის შერწყმის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. იგი ყოველწლიურად მილიონობით ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს იზიდავს. ეს ტერიტორია მსოფლიოში ცნობილია შესანიშნავი მწვანე ბუნებით, პლაჟებით, თბილი მზითა და ლურჯი ზღვით. თურქული რივიერა გთავაზობთ მრავალფეროვან აქტივობებს, რომელიც ტურისტთა მოლოდინებს ყოველმხრივ ამართლებს და მათ დასასვენებლად ქმნის საუკეთესო პირობებს. თურქეთის ეს ნაწილი მრავალფეროვანია კულტურული თვალსაზრისითაც, რადგან აქ მდებარეობს მრავალი ისტორიული ღირებულების მქონე ქალაქი, ღირსშესანიშნაობები, საინტერესო ძეგლები და სხვ. თითოეული მათგანი აუცილებლად უნდა ნახოს აქ ჩამოსულმა ყველა ტურისტმა, რათა კარგად გაეცნოს აქაურ კულტურას და დარჩეს ფრიად ნასიამოვნები. ამავდროულად, იგი გამორჩეულია მნიშვნელოვანი კულინარიული ტრადიციით, რომლის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ანტალია და მისი საინტერესო ადგილები
როდესაც თურქულ რივიერას განვიხილავთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მის ცენტრში მდებარე საკურორტო ქალაქი ანტალია, სადაც კარგად არის შერწყმული მთა და ზღვა. ანტალია წარმოადგენს თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიის ცენტრს და იგი იზიდავს უცხოელი ტურისტების 30%-ს, რომლებიც თურქეთს სტუმრობენ. თუ თქვენ მხოლოდ მზე და ზღვა არ გხიბლავთ და გსურთ ეზიაროთ თურქულ ტრადიციებს, კულტურას, წეს–ჩვეულებებს და შეიგრძნოთ თანამედროვე თურქეთის ცხოვრების წესი, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ ქალაქს.
მოგზაურობის მოყვარულებს აქ შეუძლიათ დაკავდნენ ლაშქრობით და ისიამოვნონ კარაინის (Karain Mağarası), დიმისა (dim Mağarası) და დამლატაშის (Damlataş Mağarası) მღვიმეების შესწავლით, რომლებიც სპეციალურად არის აღჭურვილი ტურისტების მოსანახულებლად. ამ უკანასკნელში (დამლატაში) არის მაღალი ტენიანობა, სტაბილური ტემპერატურა, ჰაერის დაბალი იონიზაცია და რადიოაქტიურობა, ასევე ნახშირორჟანგის გაზრდილი შემცველობა და სხვ. იგი სამკურნალო ფაქტორებითაც გამოირჩევა და მისი მონახულება სასარგებლოა ასთმის მქონე ადამიანებისთვის.
ანტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. Beach Park („ბიჩ პარკი“). აქ რესტორნების, კაფეების, ბუნგალოებისა და ბარების დიდი არჩევანია. პარკში იმართება კონცერტები, სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ ცოცხალ მუსიკას. ასევე აქ არის ბევრი სწრაფი კვების ობიექტი, ბევრი სათამაშო აპარატი და ატრაქციონები.
ანტალიაში არის ორი კინოთეატრი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფილმები ინგლისურ ენაზე. ასევე შეხვდებით ბილიარდისა და ბოულინგის ცენტრებს, სტადიონებს ფეხბურთის მოყვარულთათვის, არქეოლოგიურ მუზეუმს, რომელშიც თავმოყრილია ათასამდე ანტიკური ეპოქის ექსპონატები და სხვ. ქალაქში მდებარეობს უდიდესი აკვაპარკი, დელფინარიუმი, აკვალენდი, ლუნა პარკი და გრანდიოზული სავაჭრო ცენტრები. საბოლოოდ, ქალაქი სავსეა გასართობი და დასასვენებელი დაწესებულებებით.
მცირე მანძილი ტბებამდე და ვარდებისა და ლავანდის ბაღებამდე
თურქულ რივიერაში უდიდეს ყურადღებას იპყრობს ულამაზესი ტექტონიკური ტბები, რომლებიც მცირე მანძილითაა დაშორებული ანტალიიდან და ძირითადად, ბურდურის, ისპარტასა და კონიას პროვინციებში მდებარეობს. ესენია მაგალითად, ბეიშეჰირი (Beyşehir Gölü), რომელიც ტექტონიკურ ღრმულში ტავრის მთების დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ასევე ბურდურის (Burdur Gölü), კოვადას (Kovada Gölü), სალდას (Salda Gölü) ტბები და სხვ. აღსანიშნავია ისპარტა, რომელიც თურქი ხალხისთვის ლავანდისა და ვარდების მთავარ ქალაქს წარმოადგენს. მობრძანდით ანტალიაში და ისიამოვნეთ ლავანდას ველებით.
ხმელთაშუა ზღვის კულინარიული თავგადასავალი
ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო გამოირჩევა მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციით, რომელიც მსოფლიოსთვის უკვე არის ცნობილი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ზღვის პროდუქტების მრავალი სახეობა, ასევე ზეითუნის ზეთით დამზადებული ბოსტნეულის კერძები და ხორცი, რომელიც საოცრად არის შეკაზმული ცხარე სანელებლებით. აღსანიშნავია დესერტები, რომელთა შორისაც არის ნამდვილი თურქული ნაყინი “დონდურმა”, ორცხობილები, შოკოლადები და სხვ.
საბოლოოდ, ანტალია, როგორც ვნახეთ, არის მრავალმხრივ აღჭურვილი ქალაქი, სადაც იდეალურად შეგიძლიათ დაისვენოთ და დრო გაატაროთ.