4 თებერვალს, ავიაკომპანია Turkish Airlines-ის კუთვნილმა ხომალდმა, რომელიც რეისს კატმანდუდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა, ინდოეთის ქალაქ კოლკატას აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. ინციდენტი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიწყო, როდესაც Airbus A330 ტიპის თვითმფრინავის მარჯვენა ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი 236 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, თუმცა პილოტების ოპერატიული მოქმედების შედეგად კატასტროფის თავიდან აცილება მოხერხდა.
კატმანდუს ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან დაახლოებით ოთხ წუთში, პილოტებმა ძრავის აალების შესახებ შეტყობინება მიიღეს და დაზიანებული ტურბინის დაუყოვნებლივ გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს. ეკიპაჟმა დახმარებისთვის კოლკატას დისპეტჩერებს 13:38 საათზე მიმართა, რის შემდეგაც აეროპორტში სრული მზადყოფნა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი სამაშველო და სახანძრო სამსახურები ასაფრენ ბილიკთან მობილიზებულნი იყვნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში მყისიერი რეაგირება მოეხდინათ.
რთული ტექნიკური ვითარების მიუხედავად, თვითმფრინავი კოლკატას ნეტაჯი სუბჰაშ ჩანდრა ბოსეს სახელობის აეროპორტში 14:49 საათზე მშვიდობიანად დაეშვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის სპეციალისტები ძრავის აალების გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ, ხოლო ავიაკომპანია მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზებზე მუშაობს.












