თურქეთში, ქალაქ მერსინში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩუკუროვას ახალი აეროპორტი გაიხსნება. ცერემონიაში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს მონაწილეობას.
განმარტავენ, რომ აეროპორტი ექსპლუატაციაში პირველი ტენდერიდან 13 წლის შემდეგ შევა.
ახალი საჰაერო ტერმინალი ქალაქებს მერსინსა და ადანას შორის მდებარეობს და მთლიანობაში 800 ჰექტარს მოიცავს.
აეროპორტში წლის განმავლობაში 8 მილიონ მგზავრზეა გათვლილი. ასაფრენი ბილიკი 3,5 კმ სიგრძისაა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის განთავსება. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 244.5 მილიონი ევრო შეადგინა, რაც მთლიანად კერძო ინვესტიციაა.
აეროპორტის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს ტერმინალს, რომლის ფართობია 110 ათასი კვ/მ-ია, ბაქანი 217 ათასი კვ/მ, რომელიც 40 თვითმფრინავზეა გათვლილი. სატვირთო ბაქანი კი 56 ათასი კვ.მ-ს მოიცავს და მასზე 34-მდე თვითმფრინავის განთავსებაა შესაძლებელი.
„ახალი აეროპორტი გახდება თურქეთის სიდიდით მეორე სატვირთო კერა და ახლო აღმოსავლეთის კარიბჭე. ჩვენ ვპროგნოზირებთ რომ ტვირთბრუნვის ზრდის წყალობით, ქვეყნის ვაჭრობის მოცულობა გაორმაგდება“, – განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ.
ურალოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ ახალი სატრანსპორტო ობიექტი რეგიონს 3 ათას სამუშაო ადგილს შექმნის.
ქვეყნის ხელისუფლება აპირებს 2053 წლისთვის მოქმედი აეროპორტების რაოდენობა 61-მდე გაზარდოს.