გლობალური მდგრადი ტურიზმის კონფერენცია (GSTC) თურქეთში, ქალაქ ანტალიაში 2023 წლის 9-12 მაისს ჩატარდება. GSTC-ის კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, წელს კი იგი ანტალიაში, 9-12 მაისს, ჩატარდება. აქ შეიკრიბებიან ლიდერები, რომლებიც ტურიზმის მდგრადი განვითარების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და რომლებსაც მის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეაქვთ.

გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია. იგი არეგულირებს „GSTC-ის კრიტერიუმებით“ ცნობილ ყველა იმ სტანდარტს, რომელიც ტურიზმში მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება. დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის მდგრად განვითარებას და მოაგვაროს ამ სფეროში არსებული ყველა პრობლემა.
აღსანიშნავია, რომ GSTC სხვადასხვა ქვეყანაში, ამა თუ იმ მსხვილი ორგანიზაციის ლიდერებთან ხშირად აწყობს ხოლმე ღონისძიებებს, შეხვედრებს, სადაც ისინი ტურიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. თუმცა პანდემიის გამო GSTC-ის კონფერენცია წინა წელს ესპანეთის ქ. სევილიაში ონლაინ გაიმართა. სხდომას, რა თქმა უნდა, თურქეთიც ესწრებოდა.

თურქეთი მდგრადი ტურიზმის სფეროში მსოფლიოსთვის დიდ მაგალითს წარმოადგენს

თურქეთი მდგრადი ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 2022 წლის დასაწყისში მან GSTC-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ამ ორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, განისაზღვრა მიგნებები, რომლებსაც უნდა მიჰყვეს ქვეყანა, იმისათვის, რომ გამოიყენოს ტურიზმის ხელშემწყობი ყველა პრაქტიკა და ამ სფეროში მეტად განვითარდეს. თურქეთსა და GSTC-ს შორის დაიდო 3-წლიანი ხელშეკრულება, რომელზე დაყრდნობითაც შეიქმნა მდგრადი ტურიზმის ეროვნული პროგრამა. პროგრამა მიზნად ისახავს თურქეთის ტურიზმის მდგრად განვითარებას და ამ კუთხით ყველა პრობლემის დაძლევას. აღსანიშნავია, რომ იგი ხორციელდება ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით და მისი პირველი ეტაპი 2023 წელს, მეორე ეტაპი 2025 წელს, მესამე კი, 2030 წლისთვის დასრულდება.
GSTC-ის კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება ანტალიაში, წარმოდგენილი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, კომპანიები, ონლაინ ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები და ტუროპერატორები. ოთხდღიანი საკონფერენციო პროგრამა მოიცავს ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებას. საგულისხმოა, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს 350-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი მონაწილე.

ქალაქი ანტალია მდებარეობს თურქეთის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ამ ქვეყნის მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილს წარმოადგენს. იგი ყოველწლიურად ათასობით ტურისტს მასპინძლობს. ანტალიაში შესაძლებელია ულამაზესი ზღვისა და ბუნების ნახვა. იგი ასევე გამორჩეულია მრავალფეროვანი კულტურითა და ხელოვნებით.

GSTC-ის შესახებ

GSTC არის აშშ-ში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ საქმიანობას ასრულებს. მასში წარმოდგენილი წევრები არიან ეროვნული და სახელმწიფო მთავრობები, წამყვანი ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ტუროპერატორები და არასამთავრობო ორგანიზაციები. GSTC თავისი საქმიანობით ცდილობს ტურიზმის მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკის მიღწევას.
გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭო ადგენს გარკვეულ სტანდარტებს, რომლებიც ცნობილია როგორც – “GSTC კრიტერიუმები”. ეს არის სახელმძღვანელო პრინციპები და ასევე ის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა მიღწევასაც ნებისმიერი ტურისტული ბიზნესი უნდა ცდილობდეს, რათა მოხდეს მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული რესურსების შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ GSTC პირდაპირ არ ახორციელებს რაიმე მომსახურებას, თუმცა უზრუნველყოფს იმ ობიექტების აკრედიტაციას, რომლებიც ამას აკეთებენ.
GSTC-ის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: www.gstcouncil.org