თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ (SHGM) ფრენის უსაფრთხოების ახალი რეგულაციები აამოქმედა, რომლებიც მგზავრების მიერ გადასატანი დამტენების, ე.წ. ფაუერბანკების (powerbank) გამოყენებას ეხება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი წესების თანახმად, თვითმფრინავის ბორტზე თავად ფაუერბანკების დატენვა კატეგორიულად იკრძალება.

გარდა ამისა, ავიაციის უწყება მგზავრებს მოუწოდებს, ფრენის დროს თავი შეიკავონ პირადი ელექტრონული მოწყობილობების დასამუხტად ფაუერბანკების გამოყენებისგანაც. დაწესებული ლიმიტის მიხედვით, თითოეულ მგზავრს ბორტზე მხოლოდ ორი ერთეული გადასატანი ბატარეის ატანა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ეკიპაჟის წევრების იმ მოწყობილობებზე, რომლებიც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სჭირდებათ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეკიპაჟის წევრებს პირადი მოხმარების დამტენები აქვთ, მათზეც იგივე წესები იმოქმედებს, რაც მგზავრებზე.

თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს განმარტებით, ახალი რეგულაციები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებთან. ცვლილების მთავარი მიზანი ლითიუმის ბატარეებთან დაკავშირებული შესაძლო ინციდენტების რისკის მინიმუმამდე შემცირებაა.