თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შიდა ფრენებზე ბილეთების ახალი მაქსიმალური ფასი დაადგინა და ახლა ის 2500 ლირაა (92,5 დოლარი), იუწყება IHA.
„სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დეპარტამენტმა ქვეყნის შიგნით ცალმხრივი საჰაერო მგზავრობის ფასის ახალი ზღვარი დააწესა – 2500 ლირა (92,5 დოლარი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გადაწყვეტილება დაკავშირებულია მთელი რიგი გადასახადების, მათ შორის დღგ-ის ზრდასთან და ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან. 19 ივლისს ფასის ზღვარი 1650 ლირამდე (61$) გაიზარდა, შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიებმა მომავალი თარიღებისთვის ავიაბილეთების ფასები რამდენიმე მიმართულებაზე მყისიერად შეცვალეს.
ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ტარიფებში ცვლილებები უკვე შეიტანა.
2013 წლიდან თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატი არეგულირებს ეკონომ კლასის ავიაბილეთების ფასებს, ხოლო ბიზნეს კლასს ხელისუფლების გადაწყვეტილებები არ ეხება. თუ 2013 წელს ცალმხრივი ბილეთის მაქსიმალური ფასი შეიძლებოდა 299 ლირა ყოფილიყო, 2022 წლის დასაწყისში ის უკვე 599 ლირა იყო, ხოლო წლის ბოლოდან კი 1150 ლირა.
თურქეთის ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშეკმა ადრე განაცხადა, რომ 2024 წლის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში ინფლაციის შემცირებას ელის და რომ ახლა ქვეყნის ეკონომიკა გარდამავალ პერიოდს გადის. ივლისში თურქეთში წლიური ინფლაცია 47,8%-მდე დაჩქარდა.
TUIK-ის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ფასების ყველაზე დიდი ზრდა – 82%-ზე მეტი – სასტუმროებსა და რესტორნებში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მცირე – უძრავ ქონებაზე. ამასთან, Independent Inflation Analysis Group (ENAG) ამტკიცებს, რომ ივლისში წლიურმა ინფლაციის დონემ 122%-ს გადააჭარბა.