თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენები იწყება. აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ავიაკომპანია Turkish Airlines-ი განახორციელებს, რომელიც პირველ რეისს ანკარადან თბილისის მიმართულებით 18 იანვარს განახორციელებს.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 18 იანვრის 03:15 წუთზე დაეშვება.

უკვე დამტკიცებული განრიგის მიხედვით, Turkish Airlines-ი ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 მარტამდე) განახორციელებს. ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ანკარა-თბილისი-ანკარა ახალ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნულ საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „Turkish Airlines“-ს რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 4 იანვარს მიენიჭა.