ტარაკლი არის თურქეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, საქარიას უბანი, რომელიც არსებობს ოსმალების პერიოდიდან. აღსანიშნავია მისი ბუნების სილამაზე და კულტურული სიმდიდრე, რომელიც ტურისტებს ყოველთვის აღაფრთოვანებს. იგი გამოირჩევა ულამაზესი ზღვით, ტბებით, მდინარეებით, მაღალი მთებითა და თერმული წყლებით. ტარაკლი ასევე საინტერესოა თავისი მომხიბვლავი ხის ფერადი სახლებითა და ვიწრო ქუჩებით, სადაც დღემდეა შენარჩუნებული ქალაქისთვის დამახასიათებელი „ფერადი“ ცხოვრების წესი.

მოგეხსენებათ, Cittaslow („ნელი ქალაქი“) არის ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქალაქებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მისი საერთო ტემპის შენელებით ყველა სფეროში. ამ დროს განიხილება გარემო, ინფრასტრუქტურა, ურბანული ცხოვრების ხარისხი, კულტურა, ისტორია, ასევე ტურიზმის პოლიტიკა და სხვ. სწორედ Cittaslow-ს ქსელის წევრად აირჩა ქალაქი ტარაკლი 2011 წელს და მიენიჭა „ნელი ქალაქის“ წოდება.

თურქ მოგზაურს, გეოგრაფსა და ისტორიკოსს ევლია ჩელების (1611-82 ან 83) ეკუთვნის ათტომიანი „მოგზაურობის წიგნი“, სადაც მას კარგად აქვს აღწერილი თარაკლი თავისი ბუნებით. სოფელში, რომელიც ბუნების მოყვარულთათვის შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს, თქვენ შეძლებთ მრავალი ლამაზი ადგილის ნახვას. მაგალითად, აღსანიშნავია ჰარკის საოცარი კანიონი და მღვიმე (Hark Kanyonu ve Mağarası), გიუნგორმეზის ჩანჩქერი (Güngörmez Şelalesi), კემერის ხიდი (Kemer Köprüsü), მდინარე გურლეიკი (Gürleyik Nehri) და სხვ. აქ არსებული ბუნების სილამაზეებიდან აღსანიშნავია ყარაგოლის პლატოც (Karagöl Yaylası), რომელიც გარშემორტყმულია ფიჭვის, წიფლის, ნაძვისა და მუხის ხეებით. იგი შესანიშნავი სივრცეა კარვის გაშლის მსურველთათვის.

დღეს ტარაკლის აქვს ძველი ოსმალეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, რომელიც იმ პერიოდის საინტერესო ისტორიული ნაგებობებით გამოირჩევა. გამორჩეულად საინტერესოა იუნუს ფაშას მეჩეთი, რომელიც არქიტექტორმა მიმარ სინანმა მე-16 საუკუნის დასაწყისში ააგო. ასევე შეგიძლიათ იხილოთ მე-18 საუკუნით დათარიღებული ჰუსეინ აღას შადრევანი. უნდა ვთქვათ ქალაქის სამასწლოვან სახლებზეც, რომლებიც შესანიშნავად ასახავს ოსმალურ არქიტექტურას. ამჟამად, ზოგიერთი მათგანი მიმზიდველ საოჯახო სასტუმროებად არის გადაქცეული, თუმცა მათაც აქვთ შენარჩუნებული ეს ისტორიული ელემენტები. აღსანიშავია, რომ 2013 წელს ქალაქს მიენიჭა EDEN-ის ჯილდო, როგორც საუკეთესო ევროპული დანიშნულების ადგილი.

საგულისხმოა ქალაქის კულინარიაც. აქ ნახავთ უგემრიელეს კერძებს, რომლებსაც ტრადიციული რეცეპტებით ამზადებენ. აუცილებლად უნდა გასინჯოთ უგუტის (uğut) დესერტი, რომელსაც ტარაკლიში ხორბლისგან ამზადებენ. მას თურქები ხშირად ჩუქნიან თავიანთ საყვარელ ადამიანებს.

ვიზიტორები ასევე დიდ ინტერესს იჩენენ ტარაკლის ფერადი ადგილობრივი ბაზრების მიმართ. აქ თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ უდიდეს ბაზარს, სადაც ნახავთ მრავალ ხელნაკეთ ნივთს, უგემრიელეს პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს და სხვ.

საბოლოოდ, ყველას გირჩევთ ამ მშვიდ და ისტორიულ ადგილზე მოგზაურობას, რათა მაქსიმალურად განიტვირთოთ და დატკბეთ აქ არსებული სილამაზით.