შავი ზღვა ესაზღვრება ექვს ქვეყანას, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის თურქეთი. შავი ზღვის თურქეთის რეგიონი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სინოპის, სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზეს, ართვინისა და კასტამონუს პროვინციების სანაპირო ზოლზე მდებარეობს. ეს ტერიტორია ულამაზესი ბუნების, მდიდარი ისტორიისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ. აქ არის უამრავი მოსანახულებელი ადგილი, რომელიც სულ სხვა სამყაროში გამოგზაურებთ!
ორდუ
თავისი კაშკაშა სანაპირო ზოლით, აყვავებული ბუნებით, მარადიული ისტორიული ადგილებითა და უგემრიელესი კერძებით ორდუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია შავი ზღვის რეგიონში. ორდუს მთიანეთი თავის ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებს, როგორიცაა ქემფინგი, ლაშქრობა და სხვ. აღსანიშნავია, რომ ჩამბაში, ფერსემბე და ქეიფალანი ორდუს სამი ყველაზე ცნობილი პლატოა. თვითონ სახელწოდება „ორდუ“ მას შემდეგ გამოიყენება, რაც ამ ქალაქსა და მის შემოგარენში თურქი მოსახლეობა მომრავლდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც ბერძნები და სომხები წარმოადგენენ. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ კი აქ თურქმა მოსახლეობამ იმატა. დღეს ისინი უმრავლესობაში არიან, თუმცა ქალაქი თავისი ტრადიციებით მაინც ინარჩუნებს რამდენიმე კულტურის სინთეზს. ეს ყველაზე მეტად სამზარეულოსა და ფოლკლორში გამოიხატება, რადგან დღესასწაულებსა თუ სეზონურ ბუნებასთან დაკავშირებულ ცერემონიებზე ქემენჩეს, დოლ-ზურნას, კლარნეტს, იგივე გირნათას უკრავენ და ცეკვებსაც მხოლოდ ორდუს რეგიონისთვის დამახასიათებელი, შავიზღვისპირეთის კულტურის აურა დაჰკრავს. აქაური ცეკვები წააგავს კავკასიურ, უფრო მეტად კი ქართულ ხორუმსაც, რომელსაც იქ ჰორონს ეძახიან.
გირესუნი
გირესუნი მსოფლიოში ცნობილია თხილით, ალუბლით, გრძელი სანაპირო ზოლით, მწვანე პლატოებითა და მდიდარი ისტორიული წარსულით.
გირესუნი დაარსდა მილეტის კოლონიების მიერ, რომლებსაც სურდათ ესარგებლათ შავი ზღვის მდიდარი მინერალური მარაგებით. ისტორიის მანძილზე ის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ქალაქი და ექვემდებარებოდა ისეთი სახელმწიფოების მმართველობას, როგორიცაა რომი, ბიზანტია, სელჩუკები და ოსმალეთი. აღსანიშნავია გირესუნის მუზეუმი, სადაც იმ პერიოდების კვალი შეგვიძლია ვნახოთ. ეს შენობა, რომელიც ოდესღაც ეკლესია იყო, დღეს მუზეუმად არის ქცეული. ძალიან შთამბეჭდავი ნაგებობაა გოგორა, ანუ წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიაა.

გირესუნში არის ქუმბეთის პლატო, რომელიც ყოველწლიურად, ივლისის თვეში მასპინძლობს ფესტივლებს. ასევე ბექთაშის პლატო არის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი შავი ზღვის რეგიონში, რომელიც დერელისა და ბულანჩაქის კვეთაზე მდებარეობს. იგი მნახველებს იზიდავს თავისი ბუნების სილამაზითა და კულტურის მრავალფეროვნებით. აქ ტრადიციულად, ადამიანები მაღალმთიანი ცხოვრების წესით ცხოვრობენ.
ტრაპიზონი
ტრაპიზონი (თურქეთი) – ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში შავი ზღვის სანაპიროზე. იგი მნახველებს ხიბლავს თავისი ბუნების სილამაზითა და მდიდარი ისტორიით. აქ ნახავთ მაჩკა- შოლმას პლატოს(Maçka-Şolma Yaylası), სადაც არის ძალიან მშვიდი ბუნება და ბევრი აყვავებული მცენარე, სადაც ყოფნა თქვენთვის იქნება უდიდესი თერაპია. აღსანიშნავია, რომ ტრაპიზონს აქვს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, რაც დღეს აისახება მისი მოსახლეობის კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებაში.

მთიანი ართვინი
ართვინი არის რეგიონი, რომელიც ცნობილია თავისი პლატოებითა და ულამაზესი ბუნებით. მას ტურისტები ანიჭებენ დიდ უპირატესობას, იმის გამო, რომ იგი მაღალმთიანობით გამოირჩევა. უნდა აღვნიშნოთ კაჩკარი (Kaçkar) და კაფკასორი (Kafkasör), რომლებიც ართვინის ყველაზე ცნობილი პლატოებია.
კაჩკარის პლატოს სახელწოდება აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში მდებარე მთის ქედიდან მომდინარეობს. ეს არის მწვანით „შემოსილი“ ადგილი, სადაც არის მრავალი ნაკადული, ტბა თუ მყინვარი. ართვინში მდებარეობს ასევე კაფკასორის პლატო, რომელიც გამოირჩევა აქამდე არნახული ულამაზესი ბუნებით. კაფკასორი სხვებისგან გამოირჩევა იმით, რომ აქ ყოველწლიურად ივნისის თვეში ტარდება ფესტივლები, რა დროსაც იმართება ხარების ჭიდაობა, თუმცა ეს ესპანური კორიდა არ გეგონოთ, რადგანაც აქ სულ სხვა ტიპის შეჯიბრი იმართება.