თურქეთის ხელისუფლება სასტუმროებში „all inclusive სისტემის ფარგლებში მოქმედი ე.წ. „შვედური მაგიდის“ გაუქმებას გეგმავს და მის ჩანაცვლებას „ა-ლა-კარტ“ (à la carte) მენიუთი განიხილავს. კანონპროექტი, რომელიც თურქეთის საკანონმდებლო ორგანოშია წარდგენილი, მიზნად ისახავს საკვები ნარჩენების მოცულობის შემცირებას.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სოფლის მეურნეობისა და სურსათის პოლიტიკის საბჭოს მონაცემებით ირკვევა, ყოველწლიურად ქვეყანაში დაახლოებით 23 მილიონი ტონა საკვები ნარჩენი წარმოიქმნება. ამასთან, სასტუმროებში მოხმარებული ხილისა და ბოსტნეულის დაახლოებით 35% გადაყრილია. ეს ვითარება ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს და სასურსათო ინფლაციასაც აძლიერებს.

ახალი ინიციატივის მიხედვით, „ა-ლა-კარტ“ მენიუ შეამცირებს ნარჩენებს, რადგან სტუმრები ზუსტად იმდენ კერძს შეუკვეთავენ, რამდენის შეჭმასაც შეძლებენ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც მომხმარებლებს გარკვეული რაოდენობის კერძების აღებას აიძულებენ.

ამ ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მდგრადი ეკონომიკისა და გარემოს დაცვისკენ.