2022 წლის იანვარში თურქეთის აეროპორტები სულ 9,3 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 77,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების გენერალური დირექტორატი (DHMI) ავრცელებს.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, იანვარში თურქეთის აეროპორტების სერვისებით შიდა რეისებზე 5 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით ასეთი მგზავრების რაოდენობა შემცირდა. 2021 წლის იანვარში შიდა რეისებით 3,4 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა.

სამაგიეროდ 128%-იანი მატებაა საერთაშორისო რეისებით მოსარგებლე მგზავრების სტატისტიკაში. 2022 წლის იანვარში თურქეთის აეროპორტებში შესრულებული საერთაშორისო რეისებით 4,24 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა.

Hurriyet-ის ინფორმაციით, აეროპორტ “სტამბოლს”, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია, იანვარში მგზავრთნაკადი 107%-ით, 3,5 მლნ მგზავრამდე გაეზარდა. იანვრის განმავლობაში “სტამბოლმა” საერთაშორისო რეისებით 2,6 მლნ მგზავრი მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106%-ია. შიდა რეისებზე კი მზაგვართნაკადის ზრდამ 111%-ი შეადგინა.

რაც შეეხება სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტს, იანვარში მან 2 მლნ მგზავრი მიიღო, 2021 წლის იანვარში კი 1,3 მლნ. საბიჰა გოგჩენის აეროპორტში საერთაშორისო რეისებზე მგზავრთნაკადის 104%-იანი ზრდა დაფიქსირდა, შიდა რეისებზე კი 14%-იანი ზრდა.

ქვეყნის აეროპორტებში მგზავრთნაკადი, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა COVID-19 პანდემიის გამო, აღდგენის ტრენდს აჩვენებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ კარაისმაილოღლუს განმარტებით, იანვარში მგზავრთა რაოდენობამ 2019 წლის იანვარის მაჩვენებლების 66%-ი შეადგინა.