თურქეთის აეროპორტებში ჩასული მგზავრებისთვის COVID-19-ზე ტესტის ჩატარება უფასო იქნება. ხოლო ქვეყნის დატოვებისას კი, მგზავრის სურვილის შემთხვევაში ტესტის ჩატარება შესაძლებელია და მისი ღირებულება 15 ევრო იქნება. აღნიშნული ტესტი კი მგზავრისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგანაც ესა თუ ის ქვეყანა ჩასული მგზავრებისგან COVID-პასპორტს სთხოვს.

თურქეთში ჩამოსულ ყველა ტურისტს ჩაუტარდება თერმოსქრინინგი, თუმცა თუ კი მათი ტემპერატურა 37.8 გრადუსის დონეზე ან უფრო მაღლა დაფიქსირდება, ასეთ მგზავრს აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულ ტესტირების ცენტრებში COVID-19-ზე ტესტს გაუკეთებენ. 

იმავდროულად თურქეთი ტურისტებს COVID-19-ის რისკისგან დააზღვევს, უფრო კონკრეტულად კი ქვეყანა ტურისტებს დაზღვევის გაფორმებას შესთავაზებს, თუკი მათ მოგზაურობის პერიოდში ვირუსი აღმოაჩნდებათ. 

“დაფარვა დამოკიდებულია არჩეულ პაკეტზე. 7-დღიანი პაკეტის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულება 15 ევროა და ის – მოიცავს 3 ათასი ევროს დაფინანსებას, 19 ევროიანი პაკეტი – 5 ათასი ევროს, 23 ევროიანი პაკეტი კი მკურნალობის ხარჯებს 7 ათასი ევროს მოცულობით დაფინანსებას”, – აცხადებს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ნური ერსოი.

მისი თქმით, დაზღვევის ახალი სისტემა ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ისე ტუროპერატორებთან ავიაბილეთის შეძენისას. სადაზღვეო პაკეტის ყიდვა შესაძლებელია თურქეთის აეროპორტებშიც.