თურქეთი სასტუმროებში განთავსების გადასახადის შემოღებას განიხილავს. როგორც უცხოური ტუროპერატორები აცხადებენ, აღნიშნული გადასახადის დაწესების შემთხვევაში თურქეთში დასვენება გაძვირდება. როგორც ექსპერტულ წრეებში განმარტავენ აღნიშნული გადასახადის შემოღებას არავინ არ ელოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გადასახადის დასახელება განსხვავდება საზღვარგარეთ აპრობირებული და მიღებული ტურისტული გადასახადისგან. სასტუმროში ღამის თევისთვის  გადასახადის გადახდა ევროპაში მიღებულია, თუმცა თურქეთი აღნიშნულ საკითხს სხვაგვარად უდგება. უფრო კონკრეტულად კი თურქეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ განთავსების გადასახადი თავად განთავსების ობიექტებმა უნდა გადაიხადოს. სასტუმრო აღნიშნულ გადასახადს გადაიხდის არამხოლოდ თითოეული სტუმრის განთავსებაზე, ასევე იმ მომსახურების გაწევისთვისაც რასაც სასტუმრო ინდივიდუალურად ეწევა. ასეთი მომსახურეობა კი შეიძლება იყოს კვება, გართობა და სხვა.

თუ კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ ის ძალაში 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა. რაც შეეხება თავად გადასახადის მოცულობას, 2020 წლის ბოლომდე, განაკვეთი მთლიანი მომსახურების  ღირებულების 1%-მდე იქნება. ხოლო 2021 წლისთვის კი ის 2%-მდე განისაზღვრება. 

აღნიშნული გადასახადის დაწესებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.