თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წყაროს ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის განცხადება ისრაელისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ არ ეხება სამოქალაქო ავიაციას.
დიპლომატიური წყაროს განმარტებით, აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ იმ რეისებზე, რომლებსაც ისრაელის მთავრობა ახორციელებს, ასევე, იმ თვითმფრინავებზე, რომლებსაც იარაღი და საბრძოლო მასალა გადააქვთ.
ჰაქან ფიდანის განმარტება მისი წინა განცხადების შემდეგ გაკეთდა, როდესაც მან ანკარას პარლამენტში განაცხადა, რომ თურქეთმა ისრაელთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები მთლიანად გაწყვიტა და ისრაელის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა. თავდაპირველი განცხადების ფორმულირებამ კითხვები გააჩინა, რადგან მსგავსი ზომები ადრეც იყო გამოცხადებული, ხოლო საჰაერო სივრცის დახურვა უფრო არსებული პოლიტიკის დაზუსტებას ჰგავდა, ვიდრე ახალ შეზღუდვას.
მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ისრაელის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ განაცხადა, ისრაელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანკარიდან ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია.
ისრაელის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ინფორმაციით, ავიარეისები ჩვეულებრივ რეჟიმში სრულდება და ქვეყნის ხელისუფლება მუდმივ კოორდინაციაშია თურქ კოლეგებთან. ავიაკომპანია Israelair-მაც დაადასტურა, რომ მისი ფრენები საქართველოს მიმართულებით, კერძოდ თბილისსა და ბათუმში, ჩვეული მარშრუტით გრძელდება.












