თურქეთმა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასაწყებად სირიაში 25-კაციანი ტექნიკური ჯგუფი გაგზავნა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა.
13-წლიანი სამოქალაქო ომის დროს სირიის დედაქალაქის აეროპორტი მძიმედ დაზიანდა.
ურალოღლუს თქმით, თურქი სპეციალისტების გუნდში შედიან სახელმწიფო აეროპორტების სამმართველოს თანამშრომლებიც.
„დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში და სირიის საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ქვეყანაში 113 მანქანა, მოწყობილობა და სისტემა გავგზავნეთ“, – თქვა თურქმა მინისტრმა.
მისივე თქმით, თურქი სპეციალისტები აეროპორტის პერსონალის ტრენინგსაც ჩაატარებენ.
ურალღლუმ დასძინა, რომ თურქეთმა აეროპორტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად უზრუნველყო 10 რენტგენის აპარატი, ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალის ოთხი დეტექტორი, 10 გასავლელი და 8 პორტატული ლითონის დეტექტორი.
„ჩვენმა გუნდებმა, რომლებიც მოქმედებენ სირიის ხელისუფლებასთან კოორდინირებულად, დაასრულეს ამ მოწყობილობების უმეტესობის ინსტალაცია. უსაფრთხოების გაუმჯობესების მცდელობები გრძელდება და მზადდება ანგარიშები დარჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად“, – თქვა მან.
გარდა ამისა, თურქეთმა წარმოადგინა სამამულო წარმოების ორი სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო მანქანა Volkan Lion 8×8. სირიულ მხარეს ასევე გადაეცა სხვადასხვა ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა აეროპორტში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გასაუმჯობესებლად.
“თურქეთი გააგრძელებს თანამშრომლობას მეგობრული და მოძმე სირიის საავიაციო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად”, – დაასძინა აბდულკადირ ურალოღლუმ.