უნდა გავაუქმო თუ არა დაგეგმილი მგზავრობა?
არა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ქვეყანაში მგზავრობის გაუქმების აუცილებლობა არ დგას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, არ არის აუცილებელი სამოგზაურო გეგმების შეცვლა. მთავარია, მგზავრობისას დაიცვათ ჰიგიენის ნორმები.
როგორ დავიბანო ხელები?
ხელები მინიმუმ 30 წამის განმავლობაში და აუცილებლად საპნით უნდა დაიბანოთ. უფრო ზუსტად კი, 20 წამის განმავლობაში წაისვით საპონი, 10 წამი კი საპნის წყლით ჩამობანას დაუთმეთ. არ დაგავიწყდეთ, კარგად გამოისუფთაოთ ფრჩხილები.
ხელების სისუფთავის შესანარჩუნებლად, კარგი საშუალებაა ეთანოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებები. მათ შორის საუკეთესოა ისეთი საშუალებები, რომლებიც 70% ეთანოლს შეიცავს.
არ მიიტანოთ ხელები სახესთან: პირთან, ცხვირთან, თვალებთან.
მოასუფთავეთ ის გარემო, სადაც ზიხართ.
თან ატარეთ ანტისეპტიკური, სველი ხელსახოცები. გაწმინდეთ სკამის სახელურები, მაგიდა.
დისტანცია ადამიანებს შორის
მინიმუმ სამი ნაბიჯი. განსაკუთრებით კი მათთან, ვინც აცემინებს, ახველებს.
რამდენად ეფექტურია მგზავრობისას პირბადე?
პირველ რიგში, პირბადე უნდა გაიკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვირუსი ან ვირუსის ნიშნები აქვთ. ამით ისინი იცავენ სხვა ადამიანებს ინფიცირებისაგან.
ხოლო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ არიან ავად, პირბადის გამოყენება არ არის სავალდებულო. თუმცა, ცხადია, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაიკეთოთ პირბადე. მეტი ეფექტურობისთვის, პირბადე სწორად უნდა გაიკეთოთ. ის სრულად უნდა ფარავდეს ცხვირს და პირს. პირბადე უნდა იცვალოთ ხშირად, მინიმუმ ორ საათში ერთხელ.
როგორ დავიცვა თავი თვითმფრინავში?
ვირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი შეიძლება გადაგედოთ ინფიცირებულთან მხოლოდ ახლო კონტაქტის შედეგად. ვირუსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება საგნების ზედაპირზე, ამიტომ საუკეთესო საშუალება ვირუსისგან თავის დასაცავად, პირველ რიგში, ეს არის ხელების სისუფთავისა და გარშემო საგნების სისუფთავის შენარჩუნება.
გასათვალისწინებელია, რომ თვითმფრინავის კაბინაში ჰაერის სისტემატური ცირკულირება ხდება, დამონტაჟებულია სპეციალური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კაბინის მუდმივ ვენტილაციას. მგზავრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ერთ სივრცეში სუნთქვით, ვირუსი არ გადაგედებათ.
მოკლედ კორონავირუსისა და უახლესი სტატისტიკის შესახებ
ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდა ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან.
24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი შეადგენს 77 262-ს. საზღვარგარეთ ინფიცირებულთა რაოდენობაა 2 101. კორონავირუსით ჩინეთში გარდაიცვალა 2 595 ადამიანი. საზღვარგარეთ – 24. გამოჯანმრთელდა 24 757.
კორონაავირუსი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.
ჩინეთის შემდეგ, ირანი მეორე ადგილზე დგას COVID-19-ის ვირუსის გავრცელების დინამიკით და ფატალური შედეგით. ირანში კორონავირუსს უკვე 8 ადამიანი ემსხვერპლა. მკურნალობას 43 ადამიანი გადის.
ახალი COVID-19 ტიპის ვირუსი ირანში, პირველად გამოჩნდა 19 თებერვალს. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი სავარაუდოდ ჩინელმა მუშებმა გაავრცელეს, რომლებიც ყუმში მუშაობენ და ჩინეთში დადიოდნენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. მათ შორის, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში. თუმცა, მათი განცხადებით, ვაქცინის შექმნას, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს.
წყარო: რადიო თავისუფლება