იმ შემთხვევაში თუკი ვითარება არ შეიცვლება და ავიაკომპანია Myway Airlines-ი რეგულარულ და ერთჯერად ჩარტერულ რეისებს ვერ შეასრულებს, მაშინ კომპანიას არსებული თანამშრომლების დათხოვნა მოუწევს. როგორც AviaNews-ს Myway Airlines-ში განუცხადეს, COVID-19-ის პრევენციის მიზნით შეჩერებული ფრენების ფონზე ავიაკომპანიამ დიდი ფინანსური ზარალი მიიღო და თანამშრომელთა მიმართ ხელფასების გაცემის მხრივ პრობლემა ექმნება. რეგულარული ფრენების რამდენიმე თვიანი შეჩერების ფონზე ავიაკომპანია ჩარტერული რეისების მოძიებაზეა ორიენტირებული და იმედი აქვს, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც სათანადო მხარდაჭერა ექნება და დროულად დაკმაყოფილდება დაკვეთილ ჩარტერულ რეისებზე ნებართვების მიღებაც. 

 „პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ავიაკომპანია Myway Airlines-ი სრული პარალიზების რისკის წინაშე დააყენა. კომპანიას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს გაუმკლავდეს კრიზისულ პერიოდს, თუმცა თვეების განმავლობაში მიღებული ზარალის და გაჩერებული ბიზნესის ფონზე, საწარმოს ფუნქციონირების გაგრძელება და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უჭირს. პანდემიის შედეგების გავლენა სამწუხაროდ უარყოფითად აისახება ავიაკომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებზეც. დღეს მდგომარეობით,  დასაქმებულთა რიცხვი  კომპანიაში ბოლო 6 თვეში 16%-ით შემცირდა. იძულებით უხელფასო შვებულებაში კი დასაქმებულთა 30 % უკვე თვეებია რაც გასულია. ცნობისთვის, ბოლო სამი თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ  მხოლოდ 12 ჩარტერული რეისი შეასრულა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი ავიაკომპანიას 2020 წელს 70%-იანი კლება დაუფიქსირდა, რაც რასაკვირველია უარყოფითად აისახება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. 

იმ შემთხვევაში თუკი ვითარება არ შეიცვლება და ავიაკომპანია ვერ შეასრულებს  რეგულარულ ჩარტერულ და ერთჯერად ჩარტერულ რეისებს, სამწუხაროდ კომპანიას მოუწევს დაემშვიდობოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობდნენ Myway Airlines-ში. პროფესიონალ გუნდს, რომლებიც ცდილობდნენ ქართული ავიაციის განვითარებაში თავისი წვლილი შეეტანათ. რასაკვირველია ახლა მთელი ყურადღება ჩარტერული რეისების მოძიებას ეთმობა. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო მზაობას გამოხატავს და ავიაკომპანიას დროულად დაუკმაყოფილებს ნებართვებს, როგორც ერთჯერად ისე რეგულარულ ჩარტერულ რეისებზე, რომელიც კომპანიას დაუკვეთეს“- განუცხადეს  AviaNews-ს Myway Airlines-ში.