Turkish Airlines-ის თავმჯდომარემ, აჰმედ ბოლატმა, განაცხადა, რომ ავიაკომპანიამ შესაძლოა Boeing 737 MAX თვითმფრინავების ახალი შეკვეთა კონკურენტ Airbus-ზე გადაიტანოს, თუ ძრავების მიმწოდებელ კომპანია CFM International-თან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება.
ბოლატის გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც თურქულმა ავიაკომპანიამ 25 სექტემბერს Boeing-ისგან 150 ერთეული MAX-ის დროებითი შეკვეთის შესახებ განაცხადა. ეს შეკვეთა ძალაში შევიდოდა ცალკეული, ძრავებთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.
CFM International, რომელიც GE Aerospace-ისა და Safran-ის ერთობლივი საწარმოა, Boeing 737 MAX-ის ძრავების ერთადერთი მიმწოდებელია.
„თუ CFM ხელმისაწვდომ ეკონომიკურ პირობებზე დათანხმდება, ჩვენ Boeing-თან ხელს მოვაწერთ“, – განუცხადა ბოლატმა Reuters-ს ოთხშაბათს გვიან საღამოს სტოკჰოლმში. მისი თქმით, მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა ხარჯებთან დაკავშირებით უთანხმოება კვლავ რჩება.
„თუ CFM თავის პოზიციას შეინარჩუნებს, ჩვენ Airbus-ზე გადავალთ. Airbus-თან არჩევანი მაქვს“, – განაცხადა ბოლატმა, გულისხმობდა ევროპული თვითმფრინავების მწარმოებლის ორი ძრავის მომწოდებლის არსებობას.
აღნიშნული შეკვეთა Turkish Airlines-ის ფლოტის განახლებისა და გაფართოების უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც 2033 წლისთვის დაახლოებით 800 თვითმფრინავის ფლოტის შექმნაა. კომპანიამ 2023 წელს 200-ზე მეტი Airbus-ის თვითმფრინავი უკვე შეუკვეთა.
ბოლატის კომენტარები ხაზს უსვამს ბოლო დროს გამძაფრებულ დაძაბულობას ავიაციის ინდუსტრიაში, სადაც ძრავების დეფიციტმა და გაზრდილმა ტექნიკურმა შეფერხებებმა მომწოდებლებსა და ავიაკომპანიებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
ამავე დროს, Boeing-ისთვის დადებით ნოტაზე, ბოლატმა აღნიშნა, რომ Turkish Airlines კვლავ განიხილავს პრობლემური Boeing 777X მინი-ჯუმბოს შეკვეთასაც, რომლის მიწოდებაც, როგორც მოსალოდნელია, 2027 წლისთვის უნდა მოხდეს – ორიგინალურად დაგეგმილზე შვიდი წლით გვიან.
„როგორც კი შესაფერისი დრო დადგება, ჩვენ 777X-ის ნაწილსაც შევუკვეთავთ“, – თქვა ბოლატმა და დასძინა, რომ შეკვეთის გაფორმებაზე ავიაკომპანია არ ჩქარობს.












