ავიაკომპანია Georgian Airways-ის საკუთარი თანამშრომლების საზოგადოებისთვის წარდგენას განაგრძობს. Georgian Airways-ი ამჯერად უფროს ბორტგამცილებელზე ანჟელიკა შამათავაზე გიამბობთ.
„თვითმფრინავში ვფიქრობდი როგორი უნდა იყოს ჩემი მომავალი. ამ დროს ბორტგამცილებლები უსაფრთხოების წესებს გვაცნობდნენ. ჰაერშივე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მინდოდა გავმხდარიყავი ბორტგამცილებელი“.
25 წლის ანჟელიკა შამათავა ავიაკომპანია Georgian Airways-ში ბორტგამცილებლის პოზიციაზე 2019 წლიდან მუშაობს და ამ დრომდე 4 000 მდე საათი აქვს ნაფრენი.
ანჟელიკას ისტორია საინტერესო და განსხვავებულია. ბავშვობიდან პროფესიონალი ბალერინა იყო, საქართველოდან საზღვარგარეთ გაემგზავრა და მის მომავალს ბალეტს უკავშირებდა. თუმცა 12 წლის შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო უარი თქვა ამ პროფესიაზე და საქართველოში დაბრუნდა.
„საქართველოში რომ ვბრუნდებოდი, თვითმფრინავში ვფიქრობდი როგორი უნდა იყოს ჩემი მომავალი. ამ დროს, ბორტგამცილებლები უსაფრთხოების წესებს გვაცნობდნენ. ჰაერშივე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მინდოდა მეცადა ბორტგამცილებლის პროფესია. ბალეტის შემდეგ, ეს ერთადერთი პროფესია აღმოჩნდა, რომელმაც ჩემი ინტერესი გამოიწვია.
რომ ჩამოვედი, დავიწყე ფიქრი თუ როგორ შეიძლებოდა ავიაციაში მუშაობის დაწყება. 1,5 წელი დამჭირდა ამ მიზნის მისაღწევად, მალევე შევიცვალე სასწავლებელი, სწავლა დავიწყე საავიაციო უნივერსიტეტში და შემდეგ უკვე გავხდი Georgian Airways-ის წევრი.“
ანჟელიკამ მალევე აითვისა პროფესია და 8 სავალდებულო ფრენაც შეასრულა, რის შემდეგაც მიიღო დაშვება დამოუკიდებელ ფრენებზე. მესამე წელია, უფროსი გამცილებელის პოზიციაზე მუშაობს.
„თავიდან ფრენა რომ დავიწყე, საერთოდ ვერ აღვიქვამდი, რომ ეს სამსახური იყო. ყოველი დღე იყო განსხვავებული, ემოციებით სავსე და შეიძლება ითქვას, რომ დღემდე შემომრჩა ეს დამოკიდებულება. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ყოველდღიურ, რუტინულ სამსახურში.
ერთი შეხედვით ჩვენი პროფესია ლამაზი და ძალიან მარტივი ჩანს. რეალურად, ჩვენი მოვალეობები ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ სერვისის გაწევა. პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ უსაფრთხოებაზე, ნებისმიერ ვითარებაში მგზავრები ჩვენ გვაკვირდებიან და ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ და ჩვენი ინსტრუქციები შეასრულონ. ამის შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა ჩვენი მოვალეობაა, რომ სრული კომფორტი უნდა შევუქმნათ ჩვენს მგზავრებს.“
იმ ახალგაზრდებს, ვინც ფიქრობს,ბორტგამცილებლის პროფესიას დაეუფლონ,ანჟელიკა ურჩევს გადაწყვეტილება მიიღონ მხოლოდ ავიაციის სიყვარულით.
,,თუ ავიაციის მიმართ სიყვარული არ აქვთ, მხოლოდ იმიტომ რომ სამსახური ჰქონდეთ, ეს პროფესია არ უნდა აირჩიონ. საკმაოდ რთული პროფესიაა, განსხვავებულ რეჟიმში ვმუშაობთ. გარდა ამისა, ყოველთვის საჭიროა, რა პოზიციაზე არ უნდა იყო, საკუთარ თავზე მუშაობა არ შეწყვიტო.
ვისაც უყვარს ავიაციაა, მათთვის ეს საუკეთესო პროფესიაა. ახლა რომ ვათვალიერებ ჩემს ძველ ფოტოებს, იმ დროს როცა ბევრს ვმოგზაურობდი, Georgian Airways-ის თვითმფრინავში გადაღებული უამრავი ფოტო მაქვს. მაშინ ვერც კი წარმომედგინა რომ წლების შემდეგ უკვე ბორტგამცილებლის პოზიციაზე ავიდოდი ამ ბორტზე.“