თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ არსებობს საჭიროება, თელავის აეროპორტიც იყოს საერთაშორისო, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი და გადავხედოთ ხელშეკრულების იმ პუნქტს, რომელიც გარკვეულ რადიუსში საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას ზღუდავს, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, კომპანია მზადაა ქუთაისის მსგავსად თელავის აეროპორტის შემთხვევაშიც მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით.

„დიდი მადლობა ამ კითხვისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ კარგად ავხსნა ეს საკითხი. საქართველოს აქვს 3 საერთაშორისო აეროპორტი. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ჩვენს მართვაშია, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, თუმცა იქ არსებული მართვის სისტემისა თუ ტექნიკური საკითხების აწყობაში ჩვენს მენეჯმენტს დიდი როლი აქვს შესრულებული. მაქსიმალურად ვიდექით სახელმწიფოს გვერდით, მათ შორის, საკადრო რესურსით ვაძლიერებდით. ქუთაისის აეროპორტი მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის.

თელავის აეროპორტის საერთაშორისო სტატუსის საკითხი, ბუნებრივია, ქვეყნის ხელმძღვანელობის დონეზეა გადასაწყვეტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი რამ – ჩვენ მზად ვართ, თელავის აეროპორტის შემთხვევაშიც, ქუთაისის მსგავსად, მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ სახელმწიფოს ცოდნით, გამოცდილებით, კავშირებით, როგორი მოდელითაც არ უნდა განავითაროს ის. ამ შემთხვევაში, ეს უკვე იქნება ADP_ჯგუფის გვერდით დგომა, რაც ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ თემაზე ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა. თუმცა თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ არსებობს საჭიროება, თელავის აეროპორტიც იყოს საერთაშორისო, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი და გადავხედოთ ხელშეკრულების იმ პუნქტს, რომელიც გარკვეულ რადიუსში საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას ზღუდავს და არათუ ხელის შემშლელი არ ვიქნებით, პირიქით, მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი კომუნიკაცია არ შემდგარა, მაგრამ თუ ასეთი საჭიროება იქნება, ჩვენი მხრიდან არსებობს ამ პუნქტის გადახედვის მზადყოფნა“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.