უხსოვარი დროიდან ექიმები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ როგორმე თავიდან აეცილებინათ ორსულობის პერიოდის გართულებები, მით უფრო ისეთი დიდი ტრაგედია, როგორიც მშობიარეს გარდაცვალება თუ მკვდრადშობილის დაბადებაა.
თუმცა მიუხედავად მედიცინის საუკუნეობრივი განვითარებისა, ამ უბედურ შემთხვევას კაცობრიობამ დღემდე სრულად ვერ დააღწია თავი. მიზეზი, რა თქმა უნდა უამრავი დაავადებაა, რომელიც ფეხმძიმობისას იჩენს თავს. სწორედ ამ დაავადებათა შორის შედის თრომბოფილია, დაავადება, რომელსაც მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს დაერქვა ეს სახელი და მისი შესწავლა დღემდე ბოლომდე არ დასრულებულა.
რა უნდა ვიცოდეთ თრომბოფილიის შესახებ
თრომბოფილიას ანუ თრომბოზისადმი მიდრეკილებას, ზოგჯერ ჰიპერკოაგულაციას ან პროთრომბოზულ მდგომარეობასაც უწოდებენ. ეს არის დაავადება, რომელიც სისხლძარღვებში სწრაფად ადედებს სისხლს და იწვევს თრომბების წარმოქმნას, რომელიც ავიწროებს ან ახშობს სისხლძარღვის სანათურებს, საბოლოოდ კი არღვევს სისხლის მიმოქცევას.
მეცნიერულად უკვე დადგენილია, რომ თრომბოფილიის ორი სახეობა არსებობს – თანდაყოლილი/გენეტიკური ან შეძენილი.
მემკვიდრეობითი დაავადება არის სისხლის შედედების სისტემის გენეტიკური ფაქტორების მუტაცია – პოლიმორფიზმები, რომლებიც იწვევს თრომბოზებისადმი მიდრეკილებას.
ხოლო შეძენილს მიეკუთვნება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. ეს მიმართულება ბოლომდე დღემდე არ არის შესწავლილი. მისი კლინიკური მახასიათებელია ავტოიმუნური პროცესი, რა დროსაც ანტისხეულების ჯგუფი აზიანებს სისხლძარღვების შიგნითა კედლის უჯრედებს, რის გამოც იწყება სისხლის შედედება და წარმოქმნა თრომბი.
თრომბოფილია შეიძლება განვითარდეს ყველა ასაკის ადამიანში, თუმცა კვლევებით დგინდება, რომ იგი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, ვიდრე კაცებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ორსულობაცაა, რადგან ფეხმძიმობისას თრომბოფილიის რისკი გაცილებით მატულობს.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ორსულებში
როგორც ცნობილია ორსულობა ქალის ორგანიზმში უამრავ ცვლილებას იწვევს, მათ შორისაა სისხლის შედედების ზრდა – ჰიპერკოაგულაცია, რომელიც საშვილოსნო-პლაცენტისა და პლაცენტა-ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში ვითარდება.
სისხლის შედედების მატება ფეხმძიმობის პერიოდში ერთი მხრით აუცილებელია, რათა მშობიარე სისხლის დაცლისგან გადარჩეს, მაგრამ ამ პროცესს აქვს სახიფათო მხარეც – ხშირად თან სდევს თრომბოფილიის განვითარებით გამოწვეული საფრთხეები. განსაკუთრებით ეს ეხება ორსულებში ყველაზე გავრცელებულ ვენურ თრომბოზს – ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომის, რომელიც ძირითადად ქვედა კიდურების ღრმა ვენებშია ლოკალიზებული.
როგორც კვლევებით დადგინდა, სწორედ ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს უკავშირდება ვადამდე მიუყვანელი ორსულობა, მორეციდივე სპონტანური აბორტები ორსულობის ადრეულ პერიოდში, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი, ნაადრევი მშობიარობა.
თუმცა ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით გამოწვეული პათოლოგიების სია გაცილებით ვრცელია. კერძოდ:
- ორსულობის განმეორებითი დანაკარგები – სხვადასხვა ვადაზე და მათ შორის პრეემბრიონული დანაკარგები;
- მძიმე ტოქსიკოზი;
- ემბრიონის პათოლოგიური პლაცენტაცია;
- ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა;
- ნაყოფის ზრდის შეფერხების სინდრომი;
- ნაადრევი მშობიარობა;
- ნაყოფის ანტენატალური დაღუპვა;
- წარუმატებელი In Vitro განაყოფიერება;
- ეკლამპსია-პრეეკლამპსია (ორსულობის მოგვიანებით პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზია)
- სხვა ტიპის გინეკოლოგიური პათოლოგიები.
როგორც მიხვდით ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მატარებელი თრომბოფილია საკმაოდ სახიფათო დაავადებაა. როგორც მედიკოსები ირწმუნებიან, თუ დროულად არ მოხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება და არ ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა, გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება დადგეს.
მედიკოსები ხშირად მიმართავენ ანტიკოაგულანტებით მკურნალობას. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი, რომელიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი, გახლავთ ანგიოფლუქსი. თუმცა მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში არაა რეკომენდებული და მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, ექიმის უშუალო კონტროლის ქვეშ ხდება.
დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი და თრომბოფილია ლოგინობის პერიოდში
თრომბოფილიის კიდევ ერთი განსაკუთრებით საშიში პათოლოგიაა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი (დსშ). ამ დროს შესაძლოა ერთდროულად განვითარდეს თრომბოზი და სისხლდენა.
მართალია, მეცნიერულად დადგენილია, რომ თრომბოფილიის ორი სახეობა არსებობს გენეტიკური და შეძენილი, მაგრამ პარალელურად არსებობს რამდენიმე ხელისშემწყობი პირობაც, რომელიც ამ დაავადების რისკფაქტორებს ზედის. მათ შორის არის უმოძრაობა, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, ოპერაციული ჩარევა, ტრავმა და ა.შ რომელიც სისხლის მიმოქცევას აფერხებს და თრომბების განვითარების რისკს ზრდის.
ამიტომ თრომბოფილია გარდა ორსულობისა და მშობიარობის პროცესისა, გართულებებს იწვევს ლოგინობის პერიოდშიც, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც საკეისრო კვეთა აქვთ ჩატარებული. ამ შემთხვევაში ოპერაციიდან 12 საათის შემდეგ, 2, ზოგჯერ კი 6 კვირის განმავლობაშიც ექიმები მელოგინე ქალს სისხლის გამათხელებლებს უნიშნავენ.
თრომბოფილიასთან დაკავშირებული სიმპტომები, რომელსაც ორსულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ
მკითხველმა ისე არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თრომბოფილია ორსულობის პერიოდში ყველა შემთხვევაში ვითარდება. გაფრთხილება და საკუთარ ორგანიზმზე დაკვირვება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ფეხმძიმობის პერიოდში იყავით ფრთხილად, მიაქციეთ ყურადღება სიმპტომებს, რომ მზად იყოთ რეაგირებისთვის.
თუ შეამჩნევთ, რომ დაგეწყოთ კიდურების შეშუპება, მათზე გამოხატული ვენური ქსელი ან მიკროსისხლჩაქცევები; ფეხები დაკრუნჩხვა, მოგემატათ არტერიული წნევა, თუ წინა ორსულობის თვითნებური შეგიწყდათ ან ნაყოფი მოკვდა, მაშინვე მიმართეთ მეან-გინეკოლოგს.
გახსოვდეთ, დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა თავიდან აგაცილებთ არასასურველ გართულებებს და თქვენ და თქვენს პატარას ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ.
თრომბოფილიასთან დაკავშირებული კვლევები და მკურნალობა ორსულობისას
თრომბოფილია მრავალმხრივი დაავადებაა და შესაბამისად, მისი დიაგნოსტიკაც საკმაოდ რთულია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დიაგნოზის დასასმელად სრული ანამნეზის ცოდნაა საჭირო, რომელიც კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებს ეფუძნება.
დიაგნოზის დასასმელად ექიმები საქართველოში რამდენიმე ლაბორატორიულ კვლევას იყენებენ, კერძოდ ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების, მგლურას ანტიკოაგულანტს, ანტი-ბეტა-2 გლიკოპროტეინის, V-ანექსინის, სისხლძარღვშიდა შედედების აქტივაციის მარკერების (D დიმერი, ხსნადი ფიბრინმონომერული კომპლექსები) რაოდენობას სისხლში და ა.შ..
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენეტიკური კვლევები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბოლო პერიოდში დაინერგა. სპეციალისტების მტკიცებით, თუ თრომბოზის პათოგენეზში გენეტიკურ განწყობას სათანადო ყურადღება მიექცევა, ეს საფრთხე საგრძნობლად შეამცირებს სამეანო გინეკოლოგიურ პათოლოგიებსა და თრომბოზული გართულებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას.
და მთავარი რჩევა, ორსულობის პერიოდში რაც უფრო ადრე დაიწყება ანტითრომბული თერაპია, მით უკეთესად დასრულდება მშობიარობა და დედაც და ახალშობილის ჯანმრთელობაც უკეთ იქნება დაცული მომეტებული საფრთხეებისგან.
ამიტომ ფეხმძიმობის დადგომისთანავე მიმართეთ მეან-გინეკოლოგს, ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები, ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის დანიშნულება და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნუ შეგეშინდებათ თრომბოფილიის .












