თეირანში ჩამოვარდნილი FlyUIA-ს კუთვნილი Boeing 737-800 NG მიწაზე დანარცხებამდე აალდა, აღნიშნულია ირანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშში. 

მათი მონაცემებით, ლაინერის ფრენის ტრაექტორია აჩვენებს იმას, რომ პრობლემის წარმოქმნისთანავე ეკიპაჟმა თვითმფრინავი აეროპორტის მიმართულებით მოაბრუნა. ამავე დროს, მფრინავებმა ბორტზე საგანგებო მდგომარეობის შესახებ არ გამოაცხადეს. 

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს ​FlyUIA-ს კუთვნილმა Boeing 737-800-მა ავიაკატასტროფა განიცადა, რომლის მიზეზადაც მალევე ძრავის აალება დასახელდა, რასაც უკრაინული მხარე არ დაეთანხმა და განაცხადსა, რომ მათი დროშის ქვეშ მფრინავი საჰაერო ხომალდი ტექნიკურად გამართული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, Boeing-737 თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ზუსტად 2 წუთში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა დაღუპულია. FlyUIA თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს.