მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტების მმართველი, გლობალური კომპანია TAV Airports-ი თავის ოპერირებად აეროპორტებში გაფართოების და მგზავრთა გამტარუნარიანობის გასაზრდელად მრავალ პროექტს ახორციელებს. ჰოლდინგს მსოფლიოში ამ დროისათვის რამდენიმე მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტი აქვს, მათ შორისაა ანტალიის აეროპორტის გაფართოება.
გარდა გაფართოებისა, TAV Airports-ი თავის პარტნიორ კომპანიებთან ერთად მგზავრნაკადის ზრდისთვის ახალ კამპანიასაც ახორციელებს.
თუ რას გეგმავს TAV Georgia საქართველოში და როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია, დეტალებზე სასაუბროდ AviaNews-ი TAV Georgia-ს გენერალურ მენეჯერს, თეა ზაქარაძეს ანტალიაში ესაუბრა, სადაც მედიის წარმომადგენლები TAV Georgia-ის მიწვევით იმყოფებოდნენ, ანტალიის აეროპორტში გაფართოების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და სამომავლო გეგმების შესახებაც მოისმინეს დეტალური ინფორმაცია.

თეა ზაქარაძე: „კამპანია გულისხმობს TAV Airports-ისა და ჩვენი პარტნიორების ADP-ის ან Fraport-ის მართვაში არსებულ აეროპორტებში ბაზირებული ავიაკომპანიებისთვის გარკვეული საშეღავათო პირობების შეთავაზებას, რაც მათთვის მიმართულებებისა და სიხშირეების გაზრდის სტიმული იქნება, საბოლოო ჯამში კი ეს მგზავრთნაკადის ზრდაზე აისახება. ვფიქრობთ, მსგავსი შეღავათები ახალი ავიაკომპანიების დაინტერესებასაც გამოიწვევს.

– ამ დროისათვის ინტენსიური გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს ანტალიის აეროპორტში. რა ვითარებაა ზოგადად TAV Airports-ის ოპერირებად სხვა აეროპორტებში გაფართოებისა და დამატებითი ინვესტირების მიმართულებით?

– ამ ეტაპზე ანტალიაში საკმაოდ დიდი პროექტი მიმდინარეობს, რაც თავადაც იხილეთ. ანტალიის აეროპორტში დღეისათვის არის ორი საერთაშორისო ტერმინალი და შენდება მესამე ტერმინალი. კომპანია ახორციელებს 763 მლნ დოლარის ინვესტიციას. მთლიანად განახლდება ინფრასტრუქტურა ემატება საჰაერო ხომალდის პარკინგის ადგილები. გაფართოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოს დასრულდება და ანტალია მზად იქნება, მეტი ტურისტი მიიღოს. ანტალია არის ტურისტული ცენტრი და არა მხოლოდ თურქეთის. თავადაც ხედავთ, რომ ანტალია გერმანელების საყვარელი მიმართულებაა. ამიტომაც არის, რომ Fraport-ი იყო და არის აქ, ჩვენთან ერთად ანტალიის აეროპორტის მართვაში. რაც შეეხება სხვა პროექტებს, ასევე 800 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება ალმატიში. ალმატის შემთხვევაში TAV Airports-მა აეროპორტი იყიდა და 2024 წელს იხსნება უკვე ახალი ტერმინალი. ალმატის აეროპორტს მალე ახალ ტერმინალთან ერთად, ექნება განახლებული ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება მესამე მიმდინარე მშენებლობას, ეს არის ანკარას აეროპორტი, სადაც 500 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ TAV Airports-ის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია ნიგერიაში ლაგოსის აეროპორტთან დაკავშირებით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება მონტენეგროს აეროპორტთან; უზბეკეთში, ტაშკენტის აეროპორტთან დაკავშირებით. რეალურად, TAV Airports-ის პორტფელიო ყოველ წელს იზრდება და საკმაოდ წარმატებულად ვითარდება. ამ განვითარების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი არის სწორედ ის პარტნიორობა, რომელიც TAV Airports-ს დღე აქვს საერთაშორისო კომპანიებთან.

დღეისათვის მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები არსებობს აეროპორტების ოპერირებასა და ამ მიმართულებაში ინვესტირების კუთხით: TAV Airports-ი; Fraport-ი, რომლის პარტნიორია TAV Airports-ი; ADP, რომელიც არის TAV Airports-ის მაჟორიტარი აქციონერი და ADP-თან ერთად 2012 წლიდან მოვდივართ; ასევე არის Schiphol Group-ი, რომელიც არის ADP-ის პარტნიორი და შესაბამისად, ADP-ის პარტნიორი TAV-ის პარტნიორი გამოდის, რამდენადაც ADP არის TAV Airports-ის უმსხვილესი აქციონერი; ასევეა ინდოეთში აეროპორტების ოპერირების გიგანტი GMR Group-ი, რომლის 49%-ი ADP-მ შეიძინა. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კომპანიები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი და ერთად არის ერთი დიდი, გლობალური კომპანია.

უახლოეს მომავალში IndiGo დელიდან თბილისის მიმართულებით იწყებს ფრენებს. რეალურად ფრენები იწყება დელის აეროპორტიდან, რომელსაც მართავს TAV-ის პარტნიორი ADP. სადაც არის ADP-ი, ვართ ჩვენც. შესაბამისად, ეს განაპირობებს წარმატებას და განაპირობებს იმას, რომ TAV Airports-ი ასე ვითარდება. ეს ყველაფერი გუნდს აახლოებს ერთმანეთთან და ქმნის ძალიან დიდ ჯაჭვს. ჩვენ გაქვს ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამა. მაგალითად, თბილისის აეროპორტის თანამშრომლები დღეს მუშაობენ ალმატის აეროპორტში. ჩვენთან ჩამოდიან ფრანგები და გვიწევენ კონსულტაციებს, ჩვენი თანამშრომლები მიდიან პარიზში.

საქართველოში TAV Georgia-ს ჰყავს ძალიან კვალიფიციური და ძლიერი გუნდი.  ეს ყველაფერი კი ამ პარტნიორობის დამსახურებაა.

აეროპორტების ბიზნესი ზოგადად ძალიან სპეციფიკურია. უბრალო მაგალითზე აგიხსნით. დავუშვათ, გვჭირდება აეროდრომის თოვლის საწმენდი მანქანა, ან სახანძრო მანქანა. როცა ხარ მარტო, ეს შესყიდვის პროცესი ძალიან გაგირთულდება. ახლა ესკალატორებს ვყიდულობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და ეს ყველაფერი კეთდება ცენტრალიზებულად, რაც ნიშნავს იმას, რომ 10 აეროპორტისთვის რაღაცის შესყიდვა გაცილებით მარტივია. თოვლის საწმენდი მანქანა, რომ შეუკვეთო 8-10 თვე უნდა ელოდო და ამ პარტნიორობით კი, შესაძლებელია, უკვე 1-2 თვეში გვყავდეს ეს ტექნიკა.

– 2027 წლისთვის, როდესაც იწურება TAV-ს კონტაქტი სახელმწიფოსთან, და ჯერჯერობით ბუნდოვანია, მოხდება თუ არა მისი გაგრძელება, თუნდაც 2027 წლამდე რა ბიზნესგეგმები გაქვთ და ამ გაურკვევლობის გამო ხომ არ რთულდება  გრძელვადიან პროექტებზე მუშაობა?

– არსებული ხელშეკრულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე კონტრაქტი გაქვს 2027 წლის თებერვლამდე, ხოლო ბათუმზე – 2027 წლის აგვისტომდე. ჩვენ ბოლო წუთამდე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ აეროპორტები იყოს გამართული და მოემსახუროს მგზავრებს ისე, როგორც საჭიროა. კარგი იქნებოდა, აშენებულიყო ახალი ტერმინალი 2 წელიწადში, რადგანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რესურსი უკვე ამოწურვასთანაა მიახლოებული. ჩვენ 2019 წელს 3,6 მლნ მგზავრი გვყავდა. არსებული სახით, ანუ გაფართოების გარეშე, მოქმედი ტერმინალის გამტარუნარიანობა არის მაქსიმუმ 4 მლნ მგზავრი, ისიც სწორად გადანაწილებული სლოტების შემთხვევაში, რისი საშუალებაც ჩვენ საქართველოში არ გვაქვს. რადგანაც ჩვენ ვერ ვეუბნებით ავიაკომპანიებს, რომ არ მოფრინდეს მაგალითად 03:00 საათზე და მოფრინდეს, დავუშვათ 05:00 საათზე. ამ ფონზე გვექმნება პიკები, რაც კიდევ უფრო ართულებს აეროპორტის ოპერირებას. არსებული ტერმინალი რეალურად გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, მაგრამ იმ სლოტებით, რომელსაც დღეს თბილისში ავიაკომპანიები იყენებენ, რთულია. დღესაც გვიჭირს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებული ტერმინალი მაქსიმალურად კომფორტული იყოს მგზავრებისთვის. კარგი იქნება, თუ უმოკლეს ვადებში დაიწყება ახალ პროექტზე მუშაობა, თბილისში იქნება თუ თბილისის გარეთ, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ვერ ჩავერევით ხელისუფლების გადაწყვეტილებებში, თუმცა ჩვენ ჩვენი მხრივ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ ინვესტიციისთვის. თბილისის აეროპორტს სჭირდება გაფართოება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი საკმარისია იმ ტრაფიკისთვის, რომელიც არის. 1-1,3 მლნ მგზავრს ბათუმის აეროპორტი თავისუფლად გაატარებს. მაგრამ, რაც შეეხება თბილისს, თბილისში სასწრაფოდაა მისაღები გადაწყვეტილება ახალ ტერმინალზე. ტერმინალი არ არის 2-სართულიანი სახლი, მარტივად რომ დავხაზოთ და ავაშენოთ. ეს არის დიდი პროცესი, ძალიან სპეციფიკური სამუშაო.  თბილისის აეროპორტის ტერმინალის ფართობი არის 37 ათასი კვ/მ. თუნდაც დაახლოებით იგივე 40 ათასი კვ/მ რომ აშენდეს, ამას, პროექტირებიდან დასრულებამდე, მინიმუმ 3 წელი სჭირდება. ვგულისხმობ ფორმაში მოყვანას.

ვფიქრობ, რომ შევინარჩუნოთ მომსახურების ხარისხი და მგზავრი იყოს კმაყოფილი, სასწრაფოდ არის დასაწყები ფიქრი იმაზე, რომ აშენდეს ან გაფართოვდეს აეროპორტი: ადგილზე, ლოკალურად ან, კიდევ სადმე სხვაგან.

რაც შეეხება განვითარების გენერალურ გეგმებს, ე,წ მასტერპლანებს, ჩვენ თბილისის და ბათუმის მასტერპლანები გავაკეთეთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანი სახელმწიფოსთვის უკვე გადაცემული გვაქვს, ბათუმსაც მალე გადავცემთ.

აქ არის გამოცდილი გუნდი და იმედია, ამ გუნდს საქართველო გამოიყენებს. რა რესურსი და ენერგიაც ჩავდეთ აქ 20 წლის განმავლობაში, იმედია, სათანადოდ იქნება შეფასებული.

რა საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება 2027 წლამდე?

– საინვესტიციო პროექტებს ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ. წელს მხოლოდ ტექნიკასა და სარემონტო სამუშაოებში ბათუმში 2,6 მლნ ლარზე მეტს, ხოლო თბილისში – 18.4 მლნ ლარს ვხარჯავთ. გარდა ამისა, ოქტომბერ-ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში სასაზღვრო ზონის გაფართოება იგეგმება. ვფიქრობთ, რომ მეტი ადგილი გამოვათავისუფლოთ, რათა მგზავრები არ შეფერხდნენ, რიგები შევამციროთ და აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. სულ მალე ახალი „დუტი ფრის“ მაღაზია იხსნება და ა.შ. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. წინ არის 3-3,5 წელი და რაც ჩვენი გასაკეთებელია, ბოლომდე გავაკეთებთ. უბრალოდ, ქვეყანის იმიჯი რომ არ დაზარალდეს, კარგი იქნება, თუ აეროპორტის სამომავლო გაფართოებაზე წინასწარ ვიფიქრებთ.

– მგზავრთნაკადის აღდგენის სტატისტიკაზე უნდა გკითხოთ, როგორი პროგნოზებია წელს როგორ დავასრულებთ?

– ვფიქრობთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წელს 3,4 – 3.5 მლნ მგზავრით ჩაამთავრებს. ეს  ჯერ კიდევ არ არის 2019 წლის ციფრები. ამ ეტაპზე 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 15%-ით ნაკლებია. უფრო სწრაფ აღდგენას ველოდებოდით, მაგრამ არ გამოვიდა. ბათუმში კი, 2019 წელთან შედარებით, პლუსში გავედით. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელი ბათუმში 720-750 ათასი მგზავრით უნდა ჩავხუროთ.

– რატომ ვერ მოხდა თბილისში მგზავრთნაკადის დონის აღდგენა?

– ჩვენთვის უკრაინა იყო ძალიან დიდი ბაზარი. როცა 3,7 მლნ მგზავრი გყავს და აქედან 334 ათასს მომენტალურად კარგავ, ასეთ მოკლე პერიოდში მგზავრთა რაოდენობის კომპენსირება რთულია.

– უახლოესი პერიოდისთვის უკრაინის ალტერნატივად შეგვიძლია რომელიმე ბაზარი განვიხილოთ? თუნდაც ინდოეთი?

– შეიძლება. ჯერ დაიწყოს IndiGo-მ ოპერირება და რამდენიმე თვე დავაკვირდეთ. უამრავი საკითხია, თუნდაც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული. თუ შევუწყობთ ხელს და კომფორტულ გარემოს შევუქმნით იგივე სასაზღვრო პროცედურების კუთხით, რაც ცხადია ჩვენი პრეროგატივა არ არის, რაც უფრო გამარტივებული იქნება შემოსული ტურისტებისთვის პროცედურები, უფრო მეტი მგზავრი და ტურისტი შემოვა.

– ახალ ავიაკომპანიებთან თუ მიმდინარებს მოლაპარაკებები და ხომ არ შეგვიძლია დღეს რომელიმე მათგანის დასახელება?

– ახალ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები სულ მიმდინარეობს. ეს სამუშაო პროცესია. ამ ეტაპზე 15-მდე კომპანიას ვესაუბრებით, მაგრამ მოგეხსენებათ, მოლაპარაკებები ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, შესაძლოა, ახალი ავიაკომპანიები დაგვემატოს. ჩვენ ჩვენის მხრივ ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ.