თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ობიექტები გაიხსნა. ახალი ობიექტები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით დაამატა.
პროექტის ფარგლებში თბილისის აეროპორტში გაფართოვდა გამგზავრების დარბაზი, რომლის ფარგლებშიც ტერმინალს ახალი სივრცეები Fast Track (სწრაფი გასასვლელი) და Primeclass Lounge-ის განახლებული სივრცე შეემატა.
როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა, მგზავრთნაკადი ივნისში 50%-ით არის გაზრდილი და პროექტის განხორციელება ძალიან დროული იყო და ეს ადგილი კიდევ უფრო მეტ კომფორტს შესთავაზებს მგზავრებს.
მისივე თქმით, განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, ბიზნეს ლაუნჯის ფართობი 84%-ით, ხოლო მგზავრთა ადგილების რაოდენობა 73%-ით გაიზარდა.
“ჩვენ განვაგრძობთ ინვესტირებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, მგზავრთნაკადი წლიურ ჭრილში 35%-ით არის გაზრდილი. ჩამოფრენის ტერმინალის პროექტი ოქტომბერში დასრულდება. იზრდება სასაზღვრო სივრცე და ჯიხურების რაოდენობა 9-დან 13-მდე, რაც მგზავრთნაკადისთვისა და იმ ტრაფიკისთვის რაც ახლა გვაქვს, არის აუცილებელი და საჭირო”, – განაცხადა ზაქარაძემ.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 200 000 ლარია.
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თქმით, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. “ველით, მგზავრთნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება და 2025 წელს ორივე აეროპორტი ამისთვის კიდევ უფრო მომზადებული იქნება,“ – განაცხადა თეა ზაქარაძემ.