ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და „საქაერონავიგაციის“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 7 თებერვალს, უპილოტო საჰაერო ხომალდების საჰაერო მოძრაობის მართვის და მონიტორინგის მსოფლიოში წამყვანი სისტემების პრეზენტაცია გაიმართა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონიტორინგის თანამედროვე პლატფორმები იტალიური “Leonardo”-ს, დიდი ბრიტანეთის “Altitude Angel”-ის და ბელგიური “UNIFLY”-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს. შეხვედრის მიზანს, ლიდერი საერთაშორისო კომპანიების მიერ შემუშავებული უპილოტო საჰაერო ხომალდების საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების გაცნობა და რეგიონში ამ სისტემების დანერგვის შესაძლებლობის შესწავლა წარმოადგენდა. შეხვედრას კერძო და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლებების სპეციალისტები ესწრებოდნენ.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ასევე განიხილეს უპილოტო საჰაერო სისტემების მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკა, აღნიშნული ხომალდების საბაჟო კონტროლთან და სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე უკანონო შეღწევის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები.

უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულაციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით 2018 წლის დეკემბერში შეიქმნა. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, განიხილება უპილოტო საჰაერო ხომალდების ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთგადამკვეთი საკითხები. ჯგუფის მუშაობაში ჩართულნი არიან დრონების ოპერატორები და მესაკუთრეები.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგის მექანიზმების დანერგვაზე. „აღსრულებისა და ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის განმავლობაში არაერთ შეხვედრას გამართავს. ამასთანავე, გვსურს შევჯერდეთ მონიტორინგის მექანიზმებზე, რათა დრონების ინტეგრირება მოხდეს ისე, რომ ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის ათვისებას, თუმცა ამასთან მთავარი პრიორიტეტია დაცული იყოს ფრენების უსაფრთხოება“- განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.