თბილისსა და ტრაპიზონს შორის პირდაპირი რეისის დანიშვნა ისევ აქტუალურია და მასზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში (გურთიადი) განმარტავენ, მათ უკვე მოახდინეს ავიაკომპანია Georgian Wings-ის დაკავშირება ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან.
„გურთიადის მმართველი საბჭო და გენერალური მდივანი თბილისი-ტრაპიზონის პირდაპირი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით შეხვდნენ ავიაკომპანია Georgian Wings (Geosky)-ს მარკეტინგის, გაყიდვებისა და მგზავრთა განყოფილების დირექტორის მოადგილეს დანიარ უსკენბაევს.
შეხვედრაზე ასოციაციის წარმომადგენლების მეშვეობით მოხდა ავიაკომპანია Georgian Wings-ისა და ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ერთმანეთთან დაკავშირება.
შეხვედრის შემდეგ, ასოციაციის ჩართულობითა და მხარდაჭერით დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – აცხადებენ თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში.
როგორც ცნობილია, Georgian Wings-ი თბილისი-ტრაპიზონი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყებას განიხილავს. განიხილება ასევე თბილისი-სამსუნი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაც. აღნიშნულ მიმართულებებზე ავიარეისების დანიშვნის შესახებ თხოვნა კი თავად ბიზნეს სექტორიდან წამოვიდა.
ტრაპიზონისა და სამსუნის მიმართულებით რეისების განხორციელების საკითხზე, ავიაკომპანია Geosky-ს მენეჯმენტსა და DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე TÜRSAB-ის შავიზღვისპირეთის ოფისის თავმჯდომარესთან ვოლქან ქანთარჯის შორის გასულ წელს საქმიანი შეხვედრა შედგა, სადაც განხილული იყო სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა.
თბილისი-ტრაპიზონი-თბილისის და თბილისი-სამსუნი-თბილისის საჰაერო ხაზებზე ავიარეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.