თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები შეზღუდული ოპერირების რეჟიმზე გადადიან, აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აკეთებს. 

ცხადია COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეჩერებულმა ფრენებმა აზარალა აეროპორტებიც.

ზაქარაძის განმარტებით, ამ ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ორი ავიაკომპანია მოახდენს ოპერირებას. 

“დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება 7 ავიარეისი, ხოლო 21 მარტიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები გადადიან შეზღუდული ოპერირების რეჟიმზე. რას ნიშნავს ეს რეჟიმი? ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვრჩება ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Flydubai, რომელიც კვირაში 4 რეისს განახორციელებს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საშუალოდ 2-3 რეისი განხორციელდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი პრაქტიკულად უკვე გაჩერდა. 

ყველა ავიაკომპანია, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებდნენ ტოვებს ქართულ ავიაბაზარს, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მალე აღდგება”, განაცხადა TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ “საქმიან დილასთან” საუბრისას.

ზაქარაძე ამბობს, რომ სამგზავრო ავიარეისების პარალელურად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავინდებურად მოემსახურება სატვირთო გადაზიდვებსაც და ამ სეგმენტში ყოველ კვირაში 7-8 რეისი განხორციელდება.