თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები წარმოდგენილია დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე სახელწოდებით Arabian Travel Market, რომლის წლევანდელი თემაც არის „გლობალური მოგზაურობა: კავშირების გაძლიერება ტურიზმის ხვალინდელი დღისთვის”. ეს ღონისძიება უკვე 32-ედ ტარდება. წელს საექსპოზიციო სივრცე, რომელიც დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრშია განთავსებული მასპინძლობს 55 000-ზე მეტ დელეგატს 166 ქვეყნიდან.
გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების 33% ახლო აღმოსავლეთშია დაფუძნებული, 67% კი დანარჩენ მსოფლიოში, რაც ხაზს უსვამს ამ ღონისძიების მზარდ მნიშვნელობას გლობალურ ტურიზმში.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს ამ ღონისძიებაზე TAV Airports Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტი წარმოადგენს. შეხვედრების ფარგლებში ჰოლდინგის წარმომადგენლები სხვადასხვა ავიაკომპანიასა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სერვისებისა და პოტენციალის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.