თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარული სატვირთო რეისები კვირაში 10 სიხშირით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული რეგულარული სატვირთო საჰაერო მიმოსვლის განრიგიდან ირკვევა, რომ სეზონის განმავლობაში, ისევე როგორც წინა სეზონის განმავლობაშიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე რეგულარულ რეისებს მხოლოდ სამი ავიაკომპანია: Cargolux, Turkish Cargo, Geo Sky – განახორციელებს.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტის და ჩჟენჩჟოუს მიმართულებით შეასრულებს, კვირაში შესაბამისად 3-4 სიხშირით.
რაც შეეხება სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ს, ის თბილისის მიმართულებით რეგულარულ სატვირთო ფრენებს სტამბოლიდან და იზმირიდან 1-1 სიხშირით შეასრულებს.
Cargolux-ი კი თბილისის მიმართულებით კვირაში ერთხელ ფრენას შეასრულებს, უფრო კონკრეტულად კი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლუქსემბურგიდან განახორციელებს ტვირთების შემოტანას, ხოლო შემდეგომ თბილისიდან ბაქოს მიმართულებით გაფრინდება.
“ყურადღება! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის განმავლობაში, განრიგში მოცემული მიმართულებების და ფრენების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ავიაკომპანიების მხრიდან შემოსული ახალი განაცხადების შესაბამისად”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.