მსოფლიოს აეროპორტები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებენ და აეროპორტის ტერიტორიაზე თვითმფრინავის კარანტინისათვის დამატებით სპეციალურ სადგომებს აწყობენ. AviaNews-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც აქამდეც არსებობდა საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი სპეციალური სადგომი. ვინაიდან საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა, დამატებით, მსგავსი სადგომის მოწყობა დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ თუ კი საჭიროება დადგება და შესაბამისი მომართვიანობა იქნება, აეროპორტის ადმინისტრაცია ამისთვისაც მზადაა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და აეროპორტის ტერიტორიაზე 2019-nCoV-ის დაფიქსირების შემთხვევაში ვირუსთან ბრძოლა კოორდინირებულად მოხდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტებში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არც ერთ თვითმფრინავს შესაბამისი სპეციალიზირებული სადგომით არ უსარგებლია, რადგანაც დღემდე ამის საჭიროება არ დამდგარა.