თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, „თიბისი კონცეპტისა“ და Primeclass-ის თანამშრომლობის ფარგლებში, „თიბისი კონცეპტის“ სივრცე გაიხსნა, რომელიც „თიბისის“ Concept და დაგროვილი კაპიტალის მართვის (WM) მომხმარებლებს მოემსახურება.

ახალი სივრცე TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, TAV-ის საოპერაციო სერვისების აღმასრულებელმა დირექტორმა გუჩლუ ბატკინმა და “თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გახსნეს.

კონცეპტის სივრცე მგზავრებს საკვებისა და სასმელის მრავალფეროვან მენიუს, მცირე ბიბლიოთეკას, ჟურნალ-გაზეთებს, სწრაფ ინტერნეტს, ინფორმაციას ფრენებზე და სხვა შესაძლებლობებს სთავაზობს.

“ჩვენთვის პრიორიტეტულია, მგზავრებმა ჩვენთან თავი კომფორტულად იგრძნონ, ამიტომ, მივესალმებით „თიბისი კონცეპტის“ ახალი სივრცის გახსნას Primeclass Lounge-ში. ვიმედოვნებთ, ჩვენი სტუმრები გამგზავრებამდე ახალ სივრცეში დაისვენებენ და სასიამოვნო დროს გაატარებენ,” – განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

ახალ სივრცეს ოპერირებას გაუწევს TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP-ის შვილობილი კომპანია, აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი TAV Operation Services-ი, რომელიც პრემიუმ მგზავრთა მომსახურებით 19 ქვეყნის 80-ზე მეტ ლაუნჯშია წარმოდგენილი.