თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება „თბილისი – 2022“ გაიმართა. სწავლება, სცენარით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების შესაბამისად, ორ ეტაპად წარიმართა.
მოდელირებული სცენარის პირველი ეტაპით გათვალისწინებული იყო საჰაერო ხომალდის აფეთქების საფრთხე, კერძოდ, საჰაერო ხომალდზე ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენების მცდელობა ხმელეთზე, ხოლო მეორე ეტაპით – საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაცია – მოულოდნელი საავიაციო შემთხვევა აეროდრომზე.
სრულმასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის წევრები, „ტავ ურბან საქართველო“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თბილისის განყოფილების თანამშრომლები, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი დანაყოფი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლები, განაღმვის სამსახურის სპეციალური დანაყოფი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შპს „საქაერონავიგაცია“, ავიაკომპანია „ჯეო სქაი“, შპს „ქალაქ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“, შპს „ჩემი ოჯახის კლინიკა“.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება რეგულარულად ტარდება. სწავლების მიზანია საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
მთავარი აეროპორტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება „თბილისი – 2022“ გაიმართა