თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ორი ახალი ობიექტი გახსნა – გამგზავრების დარბაზში Primeclass Lounge-ის განახლებული სივრცე და სწრაფი გასასვლელი (Fast Track). როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს აეროპორტებში, მათ შორის თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სულ უფრო მზარდი დინამიკით ხასიათდება და მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
„წელს პირველ კვარტალში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ასევე მაისისა და ივნისის თვეებში დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვუმასპინძლეთ რეკორდული რაოდენობის მგზავრს, რაც თავის მხრივ 2019 წელთან შედარებით 18%-იან, ხოლო 2023 წლის ივნისის თვესთან შედარებით 50%-იან მატებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსადმი ინტერესი მზარდია, ჩვენს ქვეყანაში ფრენებს იწყებენ ახალი საერთაშორისო კომპანიები, ჩამოდის მეტი ტურისტი და შესაბამისად, აეროპორტში გვყავს მეტი მგზავრი. დღევანდელი დღე ძალიან სწორი და კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა მოხდეს თანმიმდევრულად ყველა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა აეროპორტმა შეძლოს და მიაწოდოს ახალი, მნიშვნელოვანი, საინტერესო და კარგი სერვისები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და აქ ჩამოსულ სტუმრებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ახალი ობიექტები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ,,ტავ ჯორჯიამ‘’ აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით დაამატა. მოხდა თბილისის აეროპორტში გამგზავრების დარბაზი გაფართოება, რომლის ფარგლებშიც ტერმინალს ახალი სივრცეები შეემატა, მათ შორის, ,,Fast Track’’ (სწრაფი გასასვლელი), რომელიც TAV Operation Service – სა და VISA – ს თანამშრომლობლის შედეგად განხორციელდა. და ვიზა პრემიუმ ბარათის მფლობელებს რიგის გარეშე, სწრაფი გასასვლელით მოემსახურება. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ ჯამურად 2 200 000 ლარი შეადგინა. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, ბიზნეს ლაუნჯის ფართობი 84%-ით, ხოლო მგზავრთა ადგილების რაოდენობა 73%-ით გაიზარდა. Primeclass Lounge – ის პროექტი განახლებული დიზაინით განახორციელა, ჯამურმა ინვესტიციამ 700 000 ლარი შეადგინა.
ახალი სივრცეების გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ,,ტავ აეროპორტს‘’-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ მერეიდი, ,,ტავ ჯორჯიას’’-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მიმდინარეობისას ხაზი გაუსვა, რომ ავიაციის სექტორი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამოკვეთილად მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, რომელსაც პირდაპირი ეფექტი აქვს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე. მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან დროს და რესურსს ხარჯავს, რათა ქვეყანაში გაიზარდოს ფრენების სიხშირეები, შემოვიდნენ ახალი საერთაშორისო კომპანიები და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან.
„პირდაპირი ფრენები, რა თქმა უნდა, თავის მხრივ პირდაპირ ბმაშია ტურისტული ნაკადების ზრდასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულ ბაზრებს წარმოადგენს ევროპის ქვეყნები, ყურის ქვეყნები, ე.წ. „შორი მანძილის ქვეყნები“. სწორედ ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ჩვენ ქვეყანაში ოპერირებადი ავია კომპანიების რაოდენობა იზრდება. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ავიაციის ინდუსტრიაში ჩვენ გვაქვს ისტორიული მაქსიმუმი, რეკორდული ციფრები ყველა პატამეტრის კუთხით, მათ შორის ავიაკომპანიების, პირდაპირი ფრენების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.