თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia-ს სერვის პერსონალი საჰაერო ხომალდებისა და მგზავრების მომსახურებას შეზღუდული ოპერირების რეჟიმში აგრძელებს.

კომპანიის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური სამგზავრო ჩარტერული ავიარეისების გარდა, კვირაში 30-მდე სატვირთო და ტექნიკური რეისები სრულდება.

აეროპორტის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახდენენ საჰაერო ხომალდების სხვადასხვა სახმელეთო მომსახურებას.

“მარტში რეისები შემცირებული იყო, პრაქტიკულად საერთოდ არ იყო. რაც შეეხება აპრილს, ეს თვე ალბათ უფრო მძიმე იქნება, ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის და ვფიქრობთ, რომ გავუმკლავდებით ამ ყველაფერს და დაველოდებით ძველ დღეებს, როგორც ადრე გვქონდა.

COVID-19-ის პანდემიამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეში დაახლოებით 100-120 რეისი სრულდებოდა, დღეს კი ეს რიცხვი საშუალოდ 4-დან 5-მდე მერყეობს. ბათუმის აეროპორტში კი ფრენები პრაქტიკულად აღარ ხორციელდება.

სამაგიეროდ შეუფერხებლად მიმდინარეობს სატვირთო და ტექნიკური რეისები – მსგავსი ფრენების სიხშირე კვირაში 30-ს აღწევს”, განმარტავს​ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძე.

აღსანიშნავია, რომ TAV Georgia საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1300 თანამშრომელი მუშაობს. 

უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას აეროპორტის აეროდრომის სამსახურიც. 2017 წლის ნოემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომი სახანძრო დაცვის დონის მეცხრე კატეგორიაზე გადავიდა. შესაბამისად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მათთვის საველე სამაშველო სამუშაოების წარმოებას დამატებით ახალი ტექნიკითა და თანამშრომელთა გაზრდილი რაოდენობით უზრუნველყოფს.