2022 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 998 566 მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის მგზავრთნაკადის მაჩვენებელს 78%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მგზავრთნაკადის 81%-ია. ამის შესახებ AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს.
ოპერატორი კომპანიის მონაცემებითვე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გასული წლის განმავლობაში 616 885 მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის რიცხვებს 20%-ით აჭარბებს და 2019 წლის მგზავრთნაკადის 99%-ია.
2022 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 29 432, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 5 752 საჰაერო ხომალდს მოემსახურა.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.